კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა მისი შვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

“პირადად მე, [პროკურორმა] გრიგალაშვილმა გამაგზავნა გარდაბანში, რომ რაღაც საბუთი წამომეღო. ვუთხარი, – მითხრეს, რომ 10 დღე სჭირდება ამ საბუთის მომზადებას. არა, დარეკილია და მიდიო. ჩემს რძალთან, თათია ბახტურიძესთან შეიქმნა კონსილიუმი – აბა, რა ვქნათ… პირადად მათი სიტყვა იყო ასეთი: როგორმე გავაკეთოთ ისე, რომ ეს აგარაკი მიშას “მივუგდოთ” და რომ მივცემთ ამას, სააკაშვილი ავა, ლენტს გაჭრისო, ეგ უნდა, პიარიო. და მართლაც ასე გააკეთეს. ორ დღეში შეგვაძენინეს [აგარაკი], ფულს შეგროვება ხომ უნდოდა. ერთ დღეს, ჩემმა რძალმა ხელი რომ მოაწერა, – აგარაკი ვიყიდეო, ამას გააკეთებთ თუ არა, სულხან მოლაშვილი სახლში იქნებაო. პირობა იყო ასეთი – როდესაც ამას გააკეთებთ, გამოვუშვებთო [სულხანს]. 12 საათზე სულხანი გამოშვებული იქნებაო. ორთაჭალის ციხესთან ვართ მეც, ჩემებიც. უცებ ვიღაც გამოდის და, – არა, სულხან მოლაშვილს არ უშვებენო.
ეს აგარაკი მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს [მოლაშვილის ოჯახის მიერ შეძენილი აგარაკი]”, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.