„იყო რამდენიმე ექსცესი, რამდენიმე მძიმე ინციდენტი, რაც ჩვენ დავგმეთ. რა თქმა უნდა, არათუ არ მივესალმებით, ვგმობთ, ბუნებრივია, ასეთ გადაცდომებს. პირველ-მეორე დღეს მოხდა ასეთი ინციდენტები და მერე კიდევ უფრო მკაცრი ინსტრუქციები წავიდა, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ შემდეგ დღეებში მთლიანად აგვერიდებინა ეს ყველაფერი თავიდან. შემდეგი 3 დღე ასე გაგრძელდა და მერე მოვახერხეთ მთლიანად ამ ძალადობის აღკვეთა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი – 2-თან” ინტერვიუში.

“მთლიანობაში, უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე. ნორმალურია ახლა ეს? ამდენი დანაშაულია და დამნაშავე არ არის. წარმოიდგინეთ, ასეულობით ადამიანი სჩადიოდა დანაშაულს და 30 კაცი რატომ არის დაპატიმრებულიო – ამას კითხულობენ. აქ სად არის ან ლოგიკა, ან სამართლიანობა, ან რაიმე სხვა?! რა თქმა უნდა, სუბიექტური ინტერესია. ხელისუფლება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, რომლის შეცდომაში შეყვანა არის უფრო მარტივი, მით უმეტეს, თუ ოჯახში გაქვს ასეთი ვითარება. ერთ-ერთი მსახიობი აღნიშნეთ… დედა, დეიდა, დეიდაშვილი ეგეთი გარემოცვა რომ გყავს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანაუგრძნო ამ ახალგაზრდას; ოჯახიდან აქვს ჩაბეჭდილი თავში, რომ შეიძლება გუშინ ითამაშე რუსულ ფილმში და ხვალ სხვა გამოაცხადო რუსად. პოლიციელებს ეძახდა რუსებს, რომლებიც 2008 წელს ცხინვალში იბრძოდნენ. თვითონ რუსულ ფილმში მონაწილეობდა და რუსს უწოდებდა პოლიციელებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ 2008 წელს. როცა ხარ ელენე ხოშტარიას დეიდაშვილი, რომელიც დღემდე ათეულობით ათას დოლარს იღებს რუსეთის ხაზინიდან და ამბობს, რომ ყველაზე დიდი ანტირუსია, რა თქმა უნდა, პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადვილად მოექცევი, როცა დეიდა გყავს ასეთი, დედა და ა.შ. პრობლემაა ეს და ამიტომ უფრო მეტად შეიძლება თანავუგრძნოთ ასეთ ახალგაზრდებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას, იმიტომ, რომ რაღაც გავლენის ქვეშ მოექცნენ, მართლა დაიჯერეს. კაცმა დაიჯერა, რომ გუშინ შეიძლება მიმეღო რუსულ ფილმში მონაწილეობა და ხვალ შეიძლება 2008 წლის ომის გმირს დავუძახო რუსი. დაიჯერა ეს. რა ვქნათ… მაგრამ კანონი ხომ უნდა აღსრულდეს? რანაირად შეიძლება, კანონი არ აღსრულდეს? თუ არ აღსრულდება კანონი, მომავალ წელს განმეორდება იგივე, იმის შემდეგაც – იგივე. ეს ქვეყანას აზიანებს. ეს ხომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაა – კანონი აღასრულო იმისათვის, რომ სახელმწიფო წარმოჩნდეს, როგორც სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.