“საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ოფიციალური შეხვედრები გამართეს. ეს აშშ-ში სამთავრობო გუნდის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო, რომელიც პოზიტიურად უნდა შეფასდეს”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
“მრავალმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ფონზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით გაძლიერდება/განვითარდება. ძირითადი აქცენტი ენერგეტიკაზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე გაკეთდა. პარტნიორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი, რომელიც ევროპას ელექტროენერგიით მოამარაგებს; ასევე, საქართველოს სრული ტერიტორიის ინტერნეტით დაფარვა, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანობას გაზრდის და ინვესტორებისთვის დამატებით კომფორტის ზონას შექმნის.
ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ დაპირება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და განავითარებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკვანძო მიმართულებებს”, – წერს დავით ჩიხელიძე.