საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა “KITF 2025-ში” მონაწილეობს.

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

მაია ომიაძე, “KITF 2025-ის” ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს მართავს ყაზახური ავიაკომპანიების, მარკეტინგული კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული სტენდით, კერძო სექტორთან ერთად, ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე არის წარმოდგენილი. 3 დღის განმავლობაში, კერძო სექტორთან ერთად, შეხვედრებს ვმართავთ ჩვენს პარტნიორებთან. ყაზახეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა. ყაზახებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები ჩამოგვყავს ყაზახეთიდან საქართველოში. ახლაც, ჩვენ ვიმყოფებით ყაზახეთში, რათა ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ მათ და ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ ყაზახეთიდან საქართველოში“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

‘KITF 2025-ის” გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილია ყაზახეთში საქართველოს საელჩო.

გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ტკბილეული.