2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დეტალებზე ისაუბრა.
შალვა ოგბაიძის განცხადებით, იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის – ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემულ იქნა დავალება, რომლის თანახმადაც, 2011 წლის 26 მაისის აქციიდან დაზიანების გარეშე არცერთ მოქალაქეს არ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია.
„ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა გამოსაცვლელი ტანსაცმელი. 21:00 საათი იქნებოდა. წვიმა დაიწყო. მაგრამ უკან გასვლა უკვე საშიში იყო, იმიტომ, რომ ვიცოდით, უკან გასვლის დროს ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის უშვებდნენ. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი – ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა თუ რუსთაველის ორივე მხარე. ეს იყო ოპერაცია „ყულფი“.
იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი, 1989 წლის 9 აპრილს გზის რაღაც ნაწილი დაგვიტოვა გასაქცევად. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა გასაქცევი, ყველა ამ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და, როგორც მან გასცა ბრძანება, დაზიანების გარეშე არავინ უნდა დარჩენილიყო, რაც შესრულდა კიდეც.
იმ ღამის შემდეგ მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში, ხოლო გიორგი და ლევანი უღმერთოდ აწამეს.
პოლიციის სამმართველოში რომ მიიყვანეს ლევანი, ყოველ სართულზე გადასცემდნენ ესტაფეტით, – ეს ოგბაიძის შვილიაო. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, თითოს უმატებდა. გიორგი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიპოვეთ. ცა არ უნახავთ, არავითარი გასეირნება“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.