რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი მონტენეგროში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილს სპორტის მუზეუმში შეხვდნენ. ინფორმაციას ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლის მფლობელ ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენს 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო გადასცეს.
„გიორგი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელმაც ჯერ მსოფლიო, ახლა კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თითოეული რუსთაველი ვამაყობთ მისი წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ მას კიდევ ბევრი წარმატება ელის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გიორგი სარდალაშვილი 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში, რამდენიმე დღის წინ კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რუსი სპორტსმენი აიუბ ბლიევი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიუმატა.
„გიორგი სარდალაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული რუსთაველი სპორტსმენია, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას მოუტანა გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ როგორც გიორგის, ისე ჩვენს ყველა სპორტსმენს“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.