მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს წინ გადაუდგნენ, კობერიძე მანქანიდან გადმოიყვანეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კობერიძეს სახის ძვლის მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ დრომდე ადგილზე არიან მობილიზებული და არც მაღაროების ამუშავების ჯგუფს აძლევენ ობიექტზე შესვლის საშუალებას. ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.

არსებული ინფორმაციით, თენგო კობერიძის ცემაში მონაწილე პირები არიან: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი.

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებით, მოსახლეობის, დასაქმებულების, პროფესიული კავშირებისა და სახელმწიფოს ჩართულობით, შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელშიც საინიციატივო ჯგუფის წევრები, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების პიკეტირების მონაწილეები შედიან, პროცესის ჩაშლას ცდილობს.

არსებული ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმების ჩასაშლელად, დაახლოებით, 10-კაციანი რადიკალურად განწყობილ მაღაროელთა ჯგუფი ადგილობრივების დაშინებითა და აგრესიული ქცევით გამოირჩევა. ცნობილია ისიც, რომ ამ ჯგუფის წევრებს ფულადი კომპენსაციებიც აღებული აქვთ.