პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მაყვალა გონაშვილს მიმართა.
„მადლობა, ქალბატონო მაყვალა. თქვენი მობრძანება კომისიაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი კომისიის დასკვნაში აისახება ფაქტები, რაც მოხდა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს. უფრო მთავარი არის ის, რომ, რა უბედურებებიც მოვისმინეთ და მოისმინა საზოგადოებამ მთელი ამ კომისიის განმავლობაში, ამის შემდეგ თქვენი ახსნა-განმარტებები შემაჯამებელი გამოდის.
ბოლშევიკური რეჟიმის მოსვლის პერიოდში მათი იდეა იყო, რომ ქართული იდენტობისთვის უნდა დაეპირისპირებინათ რაღაც ახალი, სხვა შემთხვევაში, ფეხს ვერ მოიკიდებდნენ, და ეს სხვა იდეა შესთავაზეს სოციალიზმის სახით. ამას ვინც შეეწინააღმდეგებოდა, იწყებოდა მათი ტერორი და, პირველ რიგში, ამიტომ იყო, რომ ინტელიგენცია, მწერლები და ხელოვანი ხალხი შეეწირა ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლას. ამ შემთხვევაშიც, მათ შორის, თქვენი ახსნა-განმარტებებიდან დგინდება ის, რომ “ნაცმოძრაობა” ანუ სააკაშვილი იყო დასავლეთისა და ამერიკის პროექტი და მათ უნდა გამოეყვანათ „ახალი ქართველი“. „ახალი ქართველის“ გამოყვანისთვის საჭირო იყო, პირველ რიგში, წყაროებისა და ფესვების გადაჭრა, რაზეც იდგა ქართული იდენტობა. ეს არ იყო ძნელი ამოსაცნობი. ის ფაქტები, რაც თქვენ მოიყვანეთ, ამ კომისიის დასკვნაში აისახება და, ასევე, დაერთვება საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის გამოც შესაბამისი უწყება გააუქმებს ამ პოლიტიკურ რეჟიმს.
კიდევ ვიმეორებ: ის ათასობით უბედურება (წამება, ადამიანის უფლების დარღვევა, ქონების ჩამორთმევა და ა.შ.) ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ ქართული იდენტობა გაენადგურებინათ. თქვენ მიერ დასახელებული პირები: კულტურის მინისტრი (ნიკოლოზ რურუა), ჭიაბერაშვილი, ბუღაძე და ა.შ. დაუფარავად ბედავდნენ და ამბობდნენ, რომ უნდა გამოვიდეს „ახალი ქართველი“ და წარსული უნდა დაავიწყო ადამიანს. ეს რას ნიშნავს? – ადამიანს წარსულს რომ დაავიწყებ, მარტივად დაიყოლიებ შენთვის სასურველ მომავალზე – იმიტომ, რომ მიზანი აღარ ექნება.
არ მინდა, გამომრჩეს ფაქტი, რაც თქვენ თქვით – როდესაც ღამე მიბრძანდით მწერალთა კავშირის შენობაში, შესასვლელში გალაკტიონის სურათი და ღვთისმშობლის ხატი დაგხვდათ დაგდებული.
ჩემი აზრით, ეს არის იმ რეჟიმის სიმბოლო. ვიცით, რომ ასი ათასი მოწამის დღესასწაული გვაქვს საქართველოში, რომელიც პირდაპირ შეურაცხყო “ნაცმოძრაობის” ყოფილმა თუ ახლანდელმა ლიდერმა – ზურა გირჩი ჯაფარიძემ. სადაც უნდა შეხვიდე და რა შენობაც უნდა მიიღო უკანონოდ, ღვთისმშობლის ხატს რომ დააგდებ და ადამიანს ეუბნები, – ზედ გადაუარეო… ასე იქცეოდნენ ჩვენი მტრები და ამას ეუბნებოდნენ ქართველებს – ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატისთვის გადაევლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მტკვარში აგდებდნენ. მინდა, ეს ფაქტი კარგად გაათვითცნობიეროს საზოგადოებამ, განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს ეკლესიებში დადიან, მაგრამ ბევრი ინფორმაცია არ აქვთ, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე და რომელ რეჟიმს სურს დღეს ხელისუფლებაში დაბრუნება იმისთვის, რომ ასე პირდაპირ მოსპონ ქართული იდენტობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.