საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდის”, „ფროსფერითის”, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის”, „სირცხვილიასა” და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ასევე, სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციისა და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიასა და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთობლივ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.