“ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ”, – ასე პასუხობს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში – მარტა კოსი „რადიო თავისუფლების“ კითხვას – „განიხილავთ თუ არა თბილისში მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე“.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას – „გამოდის, რომ ეს ნიშნავს მათთან საუბარს, შესაძლოა, სამომავლოდ? ასე უნდა გავიგო?“ – მარტა კოსმა უპასუხა:

„დიახ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე. გვქონდა ერთი დიალოგი – ეკონომიკის შესახებ, ახლა ვიწყებთ მეორე დიალოგს – მიგრაციაზე და ვნახავთ, (სავაჭრო ხელშეკრულების, ევროკავშირი-თურქეთის) საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ თუ არა. იცით, ბიზნესსაზოგადოებასაც როგორღაც სურს ამის გაკეთება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის, დაახლოებით, 240 მილიარდი ევროს მიმოცვლა გვქონდა და ეს საკმაოდ ბევრია“, – განაცხადა კოსმა.

მორიგ კითხვაზე – „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში?“ – მან განაცხადა:

„ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ. შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“, – აღნიშნა მარტა კოსმა.