პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში 29 აპრილს სხვადასხვა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკას ეხმაურება.

„გუშინ, “2025-იანი წლების გადასახედიდან, “გევურქ გევურქოვის” შთამომავლები (სახლის კი არა – სახლების მეპატრონეები) გვმოძღვრავდნენ 1937-იანი წლების თაობაზე. როგორც ჩანს, ევროკავშირის დემოკრატიული რეჟიმების პრეცედენტებზე სურდათ ჩვენი ინფორმირება, მაგრამ მწირმა ლექსიკურმა მარაგმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა. დავეხმაროთ მათ შერჩევით დემენციას. დიახ, რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში (მათ შორის, პროტესტის დაფინანსებით, პოლიტიკური აქტივობისა და მედიის მხარდაჭერით), მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს:

✅ უნგრეთი (2014-დან დღემდე): ბრძოლა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ – ვიქტორ ორბანის მთავრობა ხშირად ადანაშაულებდა ჯორჯ სოროსთან დაკავშირებულ ფონდებს (განსაკუთრებით, Open Society Foundations) ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. 2014 წელს უნგრეთის პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში, რომლებიც ნორვეგიული გრანტებით (Norwegian Grants) ფინანსდებოდნენ. რამდენიმე ფონდს გაუყინეს ანგარიშები და “უცხოელი აგენტების” სტატუსი მიანიჭეს. 2017 წელს მიღებულ იქნა “სოროსის საწინააღმდეგო კანონი”, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს საჯარო დეკლარირებას ავალდებულებდა.
შედეგად, Open Society Foundation-მა 2018 წელს დატოვა უნგრეთი და ოფისი ბერლინში გადაიტანა.

✅ პოლონეთი (2017-დან დღემდე): გრანტების კონტროლი – მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლის“ დროს გააქტიურდა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების კრიტიკა. 2017 წელს შეიქმნა “თავისუფლების ეროვნული ინსტიტუტი”, რომელიც გრანტების განაწილებას აკონტროლებს. გრანტების ნაწილი, რომელიც ადრე მხოლოდ ლიბერალურ ორგანიზაციებზე მოდიოდა, ასევე გადანაწილდა კონსერვატიულ ფონდებზე. რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის, პრო-ლგბტ ორგანიზაციების მიმართ დაიწყო აუდიტი და საგადასახადო შემოწმება.

✅ საფრანგეთი (2023): ეკო-ექსტრემისტების დაფინანსების კონტროლი – რადიკალური ეკოლოგიური აქტივისტების საპროტესტო გამოსვლების (მაგ., სენ-სოლენში) შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო მათი დაფინანსების გამოძიება. 2023 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა გამოაცხადა, რომ იწყება ეკო-ექსტრემიზმის დაფინანსების წყაროების გამოძიება. ჩატარებულ იქნა აუდიტები და ფინანსური შემოწმება, რომელთა მიზანი იყო, გამოევლინათ, მოდიოდა თუ არა დაფინანსება უცხოეთიდან.

✅ გერმანია: გერმანიის შიდა დაზვერვა (BfV) აკვირდება ორგანიზაციებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მავნე ქმედებებში. არაერთი ისლამური ფონდი, რომელიც დაფინანსებას თურქეთიდან ან არაბული ქვეყნებიდან იღებდა, ფინანსური კონტროლის ქვეშ მოხვდა. ასევე, გამოიკვლიეს ულტრამემარცხენე მოძრაობების დაფინანსება, რომელიც გაუმჭვირვალე გზებით ხორციელდებოდა.

✅ საბერძნეთი (2016–2020): მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებული ფონდის საქმეები – საბერძნეთის ხელისუფლებამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ლტოლვილების დასახმარებელი თანხების ბოროტად გამოყენებასა და პერიოდული არეულობების პროვოცირებაში დაადანაშაულა. 2020 წელს საბერძნეთის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ფინანსური გამოძიებები და გაყინა რამდენიმე ორგანიზაციის ანგარიშები. რამდენიმე ორგანიზაცია აიკრძალა, ზოგიერთი თანამშრომელი კი გადასახლდა ან დაისაჯა”, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.