“როდესაც “დიფ სტეიტზე” ვლაპარაკობთ, ხშირად დგას ეს კითხვა და ახალი ტერმინია, – ფარული გავლენები იგულისხმება. ეს არის ფარული ინტერესი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მექანიზმია, რომ პროქსი-ძალებით მოიპოვონ გავლენა”, – განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა რადიო “სივრცის” ეთერში.

მისი განცხადებით, ევროპული ქვეყნების მრავალი ხელისუფალი ემსახურება სწორედ “დიფ სტეიტის” ღრმა ინტერესებს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნებზე წვდომა და ფინანსური ჰეგემონიის გავრცელება.

“წარმოიდგინეთ, საქართველო რა ტიპის მესამე რიგის ქვეყანას განეკუთვნება, რომ უამრავი ევროპელი ხელისუფალი… როტშილდების ბანკში მუშაობდა მაკრონი, “ბლექროკში” მუშაობდა მერცი… ყველანი არიან ჩვეულებრივი CEO (ვიზუალურადაც რომ ეტყობათ კლერკული ჩაცმულობა), რომლებიც ასრულებენ და ემსახურებიან სწორედ იმ ღრმა ინტერესებს, რაც იქ არის ჩადებული – ეს არის კაპიტალის ინტერესები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებზე უნდა იყოს წვდომა, უნდა ვრცელდებოდეს მათი ფინანსური ჰეგემონია და ის ქვეყნები უნდა ემორჩილებოდნენ იმ დღის წესრიგს, რომელსაც ითხოვს შემდგომი განვითარების დრამატურგია.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ინტერესის საგანს წარმოადგენს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი რესურსებისა და ტერიტორიის მქონე ქვეყანა.

საქართველოს მაგალითზე კარგად ჩანს, ეს როგორ ვითარდება. მაგალითად, ლაპარაკი გვაქვს პაპის გასვენებაზე. ვნახეთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას – ვინ ჩავა, სალომე ზურაბიშვილი მაინც როგორ ჩავიდა, და იმავეს გამეორება იყო დღის წესრიგში რომის პაპის გასვენებაში. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ერთი მხრივ, პრაქტიკულად, რესურსამოწურული ადამიანია, “დიფ სტეიტურმა” გავლენებმა ჩაიყვანა მაკრონის პარტიის ყრილობაზე, გამოიყვანეს სიტყვით, იქ მონათლეს და თქვეს, რომ ეს ადამიანი არის ახალი ნელსონ მანდელა – ამის დანიშნულება მხოლოდ ერთადერთია: “მოასუქონ”, მისცენ ის იარლიყები, რომელიც ადგილობრივ, აქაურ სამმილიონიან აუდიტორიას წარუდგენს მას ერთგვარად მანდატით აღჭურვილ ადამიანად. მაგრამ, რომის წმინდა საყდარი ორიათასწლოვანი ინსტიტუციაა, შესაბამისად, ამ ინსტიტუციაში, თავისი ტრადიციის თანახმად, არანაირი მაკრონობა, სალომე ზურაბიშვილობა, ხელოვნური ფიგურების გამოძერწვა აღარ მოხდა – ლეგიტიმური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო წარმოდგენილი”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.