„მინდა, გავიხსენო ოპონენტების ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი. ის წელს, 17 იანვარს აცხადებდა, რომ სამ თვეში (მას შემდეგ უკვე გავიდა სამი თვე) ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა, დაახლოებით, 3,1-ის მიდამოებში… გავიდა ეს სამი თვე, ცოტა მეტიც და 2,75-ის ფარგლებშია ლარის კურსი, მადლობა ღმერთს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

“ეკონომიკის ორპროცენტიანი კლება წლის ჭრილში იყო ნაწინასწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან და პირველ კვარტალში ჩვენ გვაქვს 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6% და მეტი – ასეთი იყო პროგნოზი და ინფლაციაც არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას. ამას აქვს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები. ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. ყველა მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესი გაგრძელდეს.

კიდევ ერთხელ მადლობა ეკონომიკურ გუნდს იმ შედეგებისთვის, რომელიც გვაქვს 2025 წლის პირველ კვარტალში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.