პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ უფროსზე – გურამ დონაძეზე ისაუბრა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის სისტემის სახედ მოიხსენია.
„ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ საქმეშიც; რომელმაც, ასევე, დადგა სცენარი, თითქოს ავტომატები ჰქონდათ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს. როგორც ამ, ასევე იმ საქმეზე დადგა სცენარი და გადაიღო ტყუილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სანდრო გვირგვლიანი გახდა რაღაც სვანურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების მსხვერპლი.
ზოგადად, ეს იყო იმ სისტემის სახე, რომელიც მუშაობდა ერთდროულად ორი მიმართულებით, პარალელურად. მკვლელობა, წამება, ადამიანების დაყაჩაღება, ქონების წართმევა და, პარალელურად, გაშავება, ცილისწამება, ტყუილის ტირაჟირება – ეს ორი მანქანა მუშაობდა ერთდროულად და გურამ დონაძე არის ამის ერთ-ერთი სახე და ღერძი ამ ტყუილის მანქანის.
ვერ იქნებოდა ის ხელისუფლება მხოლოდ ტყვიით, წამებით ასეთი ძლიერი, რომ არ ყოფილიყო პარალელურად სიცრუის ტირაჟირების საოცრად აწყობილი სისტემა.
ამიტომ, ქალბატონო თეა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საბოლოო დასკვნაში ამის გამოკვეთა უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი: როგორ ატერორებდნენ პრესას; როგორ ატერორებდნენ თავისუფალ ჟურნალისტებს; როგორ ართმევდნენ ტელევიზიებს მფლობელებს; როგორ გადადიოდა ეს ყველაფერი ერთ ხელში და როგორ მუშაობდა ეს სიცრუის მანქანა. პრეზიდენტის პრესსამსახურში იწერებოდა, პრაქტიკულად, ყველა ნიუსი. ირმა ნადირაშვილი იყო, სწორედ, ტყუილისა და სიცრუის მანქანის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც წერდა ყველა ნიუსს და აბსოლუტურად ერთი და იგივე სიტყვებით გადიოდა ყველა ტელევიზიაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.