“მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს “ნაციონალურ მოძრაობას”. რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რამდენი მოკლული შვილის მამა, რამდენი მოკლული შვილის დედა, რამდენი განადგურებულ ოჯახში ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილი და დაზიანებული ადამიანი, რამდენი ქონებაწართმეული ადამიანი – რამდენი უნდა მოვიდეს, გვითხარით, ბატონებო, რომ თავი დაანებოთ “ნაციონალური მოძრაობის” როგორც დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას?!” – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერ ელჩებს კომისიის სხდომაზე, სადაც 2006 წელს ჩატარებული “ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმის შედეგად მოკლული ახალგაზრდების მშობლებს უსმენენ.
“სამწუხაროდ, არ სრულდება ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც არიან მსხვერპლნი და რომელთა ოჯახის წევრები პირდაპირ გაანადგურა ხელისუფლებამ.
კითხვა გვაქვს ჩვეულებრივი, კომისიის წევრის, პარლამენტის წევრის, – მართალია კითხვებზე პასუხს არ სცემენ, მაგრამ, ვკითხოთ, მაგალითად, ევროკავშირის ელჩს, რომელიც პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ქადაგებდა წინასაარჩევნოდ და დღესაც იმავე პოზიციაზეა, სამწუხაროდ; გერმანიის ელჩს, რომელიც გვიწუნებს დემოკრატიას და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის, თურმე, კარგი ოპოზიცია. უბრალოდ, ციფრი დაგვისახელონ, რამდენი უნდა იყოს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ კომისიის ვადა არ ეყოფა იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ. არ ეყოფა იმას, რომ ეს ადამიანები ბოლომდე მოვიდნენ და ამოვწუროთ ეს თემა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.