შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი განაახლა და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების, „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“აღნიშნული მანქანები სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი და განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, ადაპტირებულია ურბანულ ხანძრებზეც.
ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.