მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გაერო-ს სააგენტოებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული.
მდგრადი განვითარების თანამშრომლობის მიმართულებები საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, გაერო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყანას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს, ესენია: ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და გაერო-ს მუშაობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„განვიხილეთ 5 წლის განმავლობაში საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, პრიორიტეტები და მიმართულებები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორ მიმართულებას – ეს არის გაერო-ს მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა იყოს მწვანე და ინკლუზიური.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის დოვლათი თანაბრად განაწილდეს, როგორც სასოფლო, ისე ურბანულ არეალებზე. ასევე ვიმსჯელეთ სხვადასხვა პრიორიტეტზე, რომელიც მომავალ წლებში საფუძვლად დაედება გაერო-ს ყველა სააგენტოსა და შესაბამისი სამინისტროების სამოქმედო გეგმას“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა. მისი თქმით, გაერო-ს წარმომადგენლობა კონსულტაციებს მართავს საქართველოში პარტნიორ უწყებებთან, რათა ერთობლივად გაიწეროს პრიორიტეტები და განისაზღვროს, რა შეიძლება იყოს გაერო-სთვის პრიორიტეტულად განსახორციელებელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოში.
შეხვედრას გაერო-ს ყველა სააგენტოს ხელმძღვანელი პირი და მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ.