„უმძიმესი იყო თქვენი მოსმენა, მაგრამ შეფასებები უნდა გავაკეთოთ. ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ეს რომ ყოფილიყო ერთჯერადი ქმედება, შეიძლება ვინმეს ეთქვა, რომ ეს იყო რაღაც გამონაკლისი, ერთჯერადი დანაშაული, მაგრამ სინამდვილეში, ეს იყო ნაცრეჟიმის ჩვეულებრივი ხელწერა; შესაბამისად, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას – ის იყო ტერორისტი ხელისუფლება, რომელსაც ჰყავდა ტერორისტული ჯგუფები”, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა „ნავთლუღის სპეცოპერაციად“ წოდებულ საქმესთან დაკავშირებით 20 წლის წინ მოკლული ახალგაზრდების მშობლებს, რომლებიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდნენ.

“გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ხელისუფლებას ჰყავდა სიკვდილის ბრიგადები, რომლებიც აღასრულებდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისხლიან დავალებებს და ეს ნამდვილად ასე იყო.

სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ნავთლუღში 3 უდანაშაულო ბიჭი დახვრიტეს, მონაწილეობდნენ სხვა საქმეებშიც. მაგალითად, „მასტერა“, იგივე გია დგებუაძე – ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა პაატა ქარდავას გატაცებაში, დახვრეტასა და ზღვაში გადაგდებაში; დავით ცინდელიანის მოტაცებაში, დახვრეტასა და ზღვაში გადაგდებაში; როინ შავაძის მოტაცებასა და დახვრეტაში და სხვა არაერთ სისხლიან ოპერაციაში. ეს იყო ადამიანი, რომელიც გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას, რასაც ადასტურებს ჩანაწერები: უვაის ახმადოვმა – ვისაც გია დგებუაძე უკვეთავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას, ფარულად ჩაწერა, როგორ უკვეთავდა მას დგებუაძე ამ მკვლელობას და ბოლოს უარი თქვა დავალების შესრულებაზე.

რაც შეეხება უშუალოდ “ნავთლუღის სპეცოპერაციას”, სასამართლოს მიერ უტყუარად არის დადგენილი, რომ ნამდვილად ფონიჭალაში მოხდა ამ სამი ახალგაზრდის დაპატიმრება, შემდეგ კი, საღ-სალამათი ბიჭები ნავთლუღის ბაზრობასთან მიიყვანეს და იქ დახვრიტეს. დათა ახალია თავად მივიდა მურად გორგოძესთან და საკონტროლო გასროლა განახორციელა მის მიმართ, შემდეგ კუდ-ის სხვა თანამშრომლებმა საკონტროლო გასროლები განახორციელეს მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის მიმართ.

იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, ქუთაისის ციხეში შევდიოდი. სამი კვირის გახსნილი იყო ეს ციხე და უკვე გამოირჩეოდა ადგილად, სადაც პატიმრებს ყველაზე სასტიკად აწამებდნენ. ამ დროს დამირეკა ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და მეუბნება, რომ რუსთავის ციხეზე მოხდა თავდასხმა, რა დროსაც მოხდა სამი ადამიანის ლიკვიდაცია. ასეთი დეზინფორმაციით ცდილობდნენ ამ სასტიკი დანაშაულის პიარულ გადაფარვას.

კარგა ხნის განმავლობაში, გულწრფელად გეტყვით, მეც ვიყავი ამ მითის ტყვეობაში, მით უმეტეს, რომ მოკლულთა ოჯახიდანაც არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია. დღეს უკვე გასაგებია ამის მიზეზი – როცა მშობელს ემუქრებიან, – თუ არ გაჩუმდები, სხვა შვილებსაც მოკლულის ბედი ეწევათო, – ძალიან ძნელია, მან გაბედოს სამართლის ძებნა. ახლა თქვენ ჰყვებით ზეწოლაზე და მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. შესაბამისად, საზოგადოებამ საკმაოდ დაგვიანებით გაიგო სრული სიმართლე ამ საქმეზე. მართალია, თქვენ მადლობა მითხარით მე და ჩემს თანამშრომლებს იმისთვის, რაც მაშინ გავაკეთეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მე, როგორც სახალხო დამცველმა, დავაგვიანე რეაგირება ამ საქმეზე.

სამაგიეროდ, ძალიან სერიოზული წვლილი შევიტანე ამ საქმის გახსნაში, სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, როცა სამინისტროს გენინსპექციამ აღმოაჩინა ის მოწმეები, რომლებმაც უტყუარი ჩვენებები მოგვცეს ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ძალიან დაგვეხმარა საქმის გახსნაში და იმაში, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგეს.

როცა ვამბობთ – პასუხი აგეს, აქაც ერთგვარ უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ადამიანებს, საბოლოოდ, ამნისტიის გათვალისწინებით, ზოგს 7, ზოგს ოდნავ მეტი წელი რომ მიესაჯა, არ არის დანაშაულის ადეკვატური. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო პერიოდი, როცა ასეთი განაჩენები დგებოდა და ასეთი მართლმსაჯულება იყო ჩვენთან და არა ისეთი, როგორიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს.

ყოველ შემთხვევაში, სამართალი აღდგა და სამართლიანობის აღდგენის მთავარი დასტური ის იქნება, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელობა გასამართლდება როგორც ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” რეჟიმს უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მე არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიდრე არის თქვენი შვილის და მისი მეგობრების დახვრეტის საქმე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.