“გადამეტებული იმედები ტრამპის ადმინისტრაციის პიარ-კამპანიაზე, რომელსაც “დიფ სთეითი” უნდა “დაემარცხებინა” და მსოფლიოში კონსერვატიული და ტრადიციული ძალების მიმართ “რობინ ჰუდის” როლი უნდა ეტვირთა, არც რუმინეთს უნდა ჰქონოდა, არც საფრანგეთს და არც გერმანიას (ნუ, ბრიტანეთი ცალკე თემაა). ამიტომაც ჩაიშალა რუმინეთში – არჩევნები, საფრანგეთში – მაკრონის პოტენციური შემცვლელი გაანეიტრალეს, ხოლო გერმანიაში – ლიდერი პარტია ლამის “ტერორისტად” გამოაცხადეს. მანამდე იყო წარმატებული ოპერაციები უკრაინასა და მოლდოვაში. დღემდე გრძელდება წარუმატებელი ოპერაცია საქართველოში”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“ამიტომ, ჩვენ გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება. მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში, და ეს იქნება ყველაზე დიდი შველა ჩვენთვის. ამერიკამ მიხედოს თავის პოპულისტურ თამაშებს – დანიასთან; კანადასთან; მექსიკასთან. გააგრძელოს უცნაური სატარიფო ომები ჩინეთთან და ბრიუსელთან. დაივიწყოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე ფიქრი. ფოკუსირდეს საკუთარი შიდა პრობლემების მოგვარებაზე (“ამერიკა უპირველეს ყოვლისა”). ჩვენ კი გულწრფელად წარმატებები ვუსურვოთ მათ ყოველივე ამაში.

არანაირი “გადატვირთვის” იმედი ამ ეტაპზე არ უნდა გვქონდეს, არანაირი სასანქციო პოლიტიკის გადახედვას არ უნდა ველოდოთ, ორპარტიული “მეგობრობის აქტის” არამეგობრულ შინაარსსაც  წინასწარ შევეგუოთ.

საქართველოსთვის არაფერი არ შეცვლილა! უფალია ჩვენი ზეციური შემწე, დედა მარიამი ჩვენზე მზრუნველი, სულიერ სფეროში – უწმინდესის ლოცვა გვაძლიერებს, პოლიტიკურ ველზე – უდიდესი მამულიშვილი და ქველმოქმედი გვაიმედებს. ერთმანეთის გვერდში დგომა არ მოგვბეზრდეს და თუ დიდ სისულელეს ჩვენ კვლავ არ დავუშვებთ ამ ღვთივკურთხეულ სამშობლოში – ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგვერევიან!”- წერს დავით ქართველიშვილი.