2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გოჩა კაკოიშვილი „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და წამების დეტალებს იხსენებს.

„როდესაც მე იქ ვიყავი, შიმშილობაც გამოვაცხადე, სანამ მიპოვნიდნენ, მანამდეც, ბატონი სოზარის და ლევან ტერაშვილის თხოვნა იყო, რომ შემეწყვიტა შიმშილობა, რადგანაც ეს ძალიან დიდი ზიანს მომიტანდა და ხელისუფლებისთვის აზრი არ ჰქონდა, მე რა დამემართებოდა. ეს აღნიშნეს კიდეც , – იშიმშილოს, არა უშავს, თუ მოკვდება, ოქმი შეადგინეთო.

ძირითადად, რკინაზე მეძინა. არანაირი საშუალება არ იყო იმისა, რომ რამე დამეფინა. ადგილობრივი პოლიცია პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. მხოლოდ და მხოლოდ შემოსული ვიღაც უცხოები, რომლებიც პოლიციელები არ იყვნენ (მე ვფიქრობ, უშიშროებიდან იყვნენ შემოსულები), ახორციელებდნენ ჩემს ცემას და წამებას. დაბმულ მდგომარეობაში, ბორკილებით ვიყავი. წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მქონდა ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე და ამიტომ უხდებოდათ ჩემი დაბმა, რათა მათთვის ადვილი ყოფილიყო დავალების განხორციელება. აქედან გამომდინარე, ძალიან დასუსტებული ვიყავი.

საკანში მარტო ვიყავი. გვერდით იყო გარემონტებული საკნები, სადაც კრიმინალები ჰყავდათ. ჩემთვის არც გასეირნება, არც საჭმლის შემოწოდება, არც წყლის მოწოდება ხდებოდა. ორ-სამ დღეში ერთხელ მომაწვდიდნენ ნახევარ პურს, ძეხვსა და ერთ ჭიქა წყალს. ერთი-ორჯერ ზედ დააფურთხეს და ისე მომაწოდეს.

ვინც ჩემს ცემასა და წამებას ახორციელებდა, მათი თანდასწრებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რუსთაველი ბიჭები ვინც მუშაობდნენ პოლიციაში, ვინაიდან ინფორმაცია არ გასულიყო თეთრიწყაროს პოლიციიდან, სამსახურიდან გაუშვეს შვებულებაში. როდესაც მე ასეთი დასუსტებული ვიყავი, გასეირნების დროს ერთმა პატიმარმა თავისი საჭმელი, პურის ნატეხი და „პეჩენია“ შემომიგდო „ფორტოჩკაში“, რომ მეჭამა. მათ ყველაფერი იცოდნენ, მე რაც მემართებოდა. 1 კვირაში უნდა გასულიყო და 4 თვე დაუმატეს პატიმრობა, იმიტომ, რომ ეს ჩაიდინა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.