საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ სიმებიანი ინსტრუმენტების სახელოსნოსთვის დანადგარები შეიძინა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი დანადგარებით საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტის სიმებიანი საკრავების სახელოსნო მოეწყობა, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ძველი ინსტრუმენტების შეკეთება, ისე ახლის დამზადება.

“სახელოსნოში ერთადერთი ქართველი დიპლომირებული ლუტიერი (სიმებიანი საკრავების ხელოსანი), კლასიკურ ხემიან საკრავთა დამამზადებელი, რესტავრატორი და ექსპერტი, მუსიკოსი ლევან ცინცაძე თავის შეგირდებთან ერთად იმუშავებს.

ლევან ცინცაძეს შექმნილი აქვს მრავალი კლასიკური ხემიანი ინსტრუმენტი – ვიოლინოები, ალტები და ჩელოები. ის თავის ცოდნასა და გამოცდილებას ორკესტრის მუსიკოსებსაც უზიარებს, მალე კი, შეგირდებთან ერთად, უახლესი დანადგარებით განახლებულ სახელოსნოში გააგრძელებს მუშაობას.

ლევან ცინცაძემ 1982 წელს თბილისის    სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიან საკრავთა განყოფილება (ვიოლინოს სპეციალობით), ხოლო 1996 წელს კრემონას (იტალია) სტრადივარიუსის სახელობის ხემიან საკრავთა დამზადების საერთაშორისო ინსტიტუტი დაამთავრა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.