პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვისას, კანონპროექტის მომხსენებელ შოთა ბერეკაშვილს მიმართა.

„ასოცირების ხელშეკრულებაში ეს დირექტივები ასახული არ არის, მაგრამ იქ ასახულია ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან თავსებადობის გაზრდა“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ბატონო შოთა, დიდი მადლობა წარმოდგენილი ცვლილებებისთვის. მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია: ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია – იმიტომ, რომ ეთანხმება თანამედროვე რეგულაციებსა და სამართლებრივ სივრცეს, რომელიც არსებობს ევროკავშირის ბაზარზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან გლობალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან ელექტროდაკავშირებადობის გაზრდას, რაც გამოიხატება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანაში. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემოგვაქვს ეს დირექტივები, რათა სრულ თანხვედრაში ვიყოთ ევროკავშირის ბაზართან. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ეს დირექტივები ასახული არ არის, მაგრამ იქ ასახულია ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან თავსებადობის გაზრდა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ევროინტეგრაციის, არამედ ჩვენი და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით და საქართველოს გლობალური ეკონომიკური მოთამაშის როლის გაზრდისათვის. მე მივესალმები ამ ცვლილებებს და მხარს ვუჭერ”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.