საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის – ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„სხვადასხვა წლებში ვახტანგ მაჭავარიანი თანამშრომლობდა მსოფლიოს 80-ზე მეტ სიმფონიურ ორკესტრთან და 25-ზე მეტ საოპერო თეატრთან. მათ შორისაა ლონდონის სამეფო ფილარმონიის ორკესტრი; საფრანგეთის და ბელგიის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრები; გერმანიის წამყვანი სიმფონიური და რადიო სიმფონიური ორკესტრები; შტუტგარტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი; ისრაელის სიმფონიური ორკესტრი; თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრები; სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრი; მოსკოვის დიდი თეატრი. იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, შემდეგ კი – სამხატვრო ხელმძღვანელი. 2018 წლიდან იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის – „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და მინიჭებული აქვს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება.

ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მუსიკალური საზოგადოებისთვის.

საქართველოს კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს ვახტანგ მაჭავარიანის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.