“ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მოწვევა მივიღე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტზე ვიზიტი ალბანეთში 16 მაისს იგეგმება.
ჟურნალისტის კითხვას, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თუ არა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები, პრემიერმა უპასუხა:
“საგანგებო ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად იმართება ხოლმე ამ ფორმატში, თუმცა იქ ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება. ამ შესაძლებლობით მაქსიმალურად ვისარგებლებთ. ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ვისაუბრებთ. ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი, თუ მათი მხრიდან იქნება სამართლიანი, ჯანსაღი და არა საბჭოური დამოკიდებულება. საუბარზე უარი არის საბჭოური დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი. ჩემი ევროპული დამოკიდებულება არის ის, რომ ყველასთან მინდა საუბარი და მათი საბჭოური დამოკიდებულება (არ ვგულისხმობ ყველას, ვგულისხმობ შესაბამის ლიდერებს) არის ის, რომ არ საუბრობენ. საუბარზე უარს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა: ვიღაცას აქვს დაგეგმილი ეს უსამართლობა; სურს, რომ ხელოვნურად ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. იქ ფორმატი არის ასეთი: დერეფნებში იმართება შეხვედრები; სპეციალური ოთახებიც კი არ არის ხოლმე, როგორც წესი, გამოყოფილი შეხვედრებისთვის. დერეფნებში იმართება შეხვედრები, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან“, – განაცხადა პრემიერმა.