“არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო მაკრონის, ზელენსკის, მერცისა და სტარმერის ეპიზოდს. რა ამბავი ატყდა? ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ?” – წერს ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და კირ სტარმერის ვიდეოსთან დაკავშირებით, რომლებთანაც, კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები მოულოდნელად მივიდნენ.

“აი, პუტინს რომ შეეყნოსა მედვედევთან ერთად, ეგ სულ სხვა იქნებოდა – აგრესორია და იმიტომ!
გასაგებია? რუსეთთან ბრძოლა ყველაფერს ხსნის, – იმასაც, თუ როგორ გარდააჭდეს ყელი ყელსა მაკრონმა და ზელენსკიმ.

ეს ყველაფერი სტრესის მოსახსნელად ხდება. და საერთოდ! დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ასე რომ გადაეფსკვნება შენს ლიდერს, ამაზე მეტი ბედნიერება რა გინდა?

სულ რომ ბომბები გცვიოდეს თავზე, რა ბედენაა? ასე გადაეხვევა მაკრონი ყაველაშვილს? მეტი არაა ჩემი მტერი!

ევროპა მოგვტაცეს, ხალხო!
რუსეთთან მებრძოლი თუა, დაე, იყოს ნარკომანი, ლქბტქ+, ქმარი ცოლად ჰყავდეს, კონჩიტას სცემდეს თაყვანს; საერთოდ, მიშისტი იყოს და აქუბარდიას სტუდიაში იჯდეს – ყველაფერი გამართლებულია.

აქუბარდიაზე გამახსენდა – იუნესკომ მისი სტუდია მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა და საქართველოს მთავრობას მისი კონსერვაცია მოსთხოვა რესპონდენტებთან ერთად.
ასეთივე წარმატებას მიაღწია დამოუკიდებელი საქართველოს თანმდევმა ხმამ, მარადმყვირალმა ინგამ – ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და ხმამაღლა მყვირალ ჟურნალისტად ცნეს და მალე პრიზი – ოქროს ყრონტი გადაეცემა.

უდიდესი სტრატეგიული ნიჭით კვლავ გაიბრწყინა თავდგირიძემ – მან განჭვრიტა, რომ თურქეთი – სამხრეთიდან და უკრაინა ჩრდილოეთიდან დაარტყამს რუსეთს, შემოიჭრებიან საქართველოში და ჭორვილას ციხეს შემოადგებიან, სადაც ის და ბარბაქაძე შეუერთდებიან მყარფეხა ლეგიტიმაციასთან ერთად, რომელიც იქ უკვე სანგრებს თხრის თავის ანალისტებთან ერთად.

ამ ფონზე, საქართველოს მთავრობის მიერ 9 მაისს ევროპის დღის მილოცვა უაღრესად შორსმჭვრეტელურ ნაბიჯად მოჩანს – მართალია, ხალხმა ვერ გაუგო, მაგრამ არა უშავს – მოვა დრო და გაიგებენ.

აქვე უნდა ითქვას, ,,მეგობარი აქტის” გამო მადლიერების გამოსახატად შექმნილი წერილები მართლაც შედევრებია. რაღა ესენი და რაღა ნესტან-დარეჯანის წერილი, საყვარლისა თანა მიწერილი.
გულჩათუთქულნი ელიან ახალ ავთანდილს, ტარიელსა და ფრიდონს რუსულ ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეულნი. არა უშავს!

მალე მოვლენ ტარიელ ზელენსკი , ავთანდილ-მაკრონი და ფრიდონ სტარმერი, დალეწავენ მაგ რუსულ ქაჯეთის ციხეს და გამოიხსნიან ნესტან ევროპას!

ევროპამ სძლია რუსეთსა, არსება მისი გრძელია!” – წერს სოსო მანჯავიძე.