“უკვე მოსაღამოვდა, წრეზე დააყენეს მანქანები, აანთეს ფარები და წრეზე, შუაში მიმიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მუხლებზე უნდა დავჩოქილიყავი. ამ მომენტში არ ვიცოდი, რა ხდებოდა და რეაგირება არ მქონდა; არ ვიცოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. ამ დროს მეგის ქარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. დაახლოებით 20 ადამიანი ხელ-ფეხს მირტყამდა”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

გიორგი ხოჭავას თქმით, ცემისგან სხეულზე ადგილი აღარ ჰქონდა, საიდანაც სისხლი არ მოსდიოდა. მეგის ქარდავამ მას თმებში ხელი მოჰკიდა, სისხლის გუბესთან მიატანინა სახე და უთხრა, რომ თავისივე სისხლი აელოკა.

„ცემის პერიოდში, კონკრეტულად, კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ჩამიდო. ისეთი ნაცემი ვიყავი, ალბათ, სხეულზე ადგილი არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. ვეგდე ძირს. სისხლის გუბეები იდგა. მაშინ პატარა ბავშვი ვიყავი. დიდი, ხუჭუჭა თმები მქონდა. თმებით გვერდზე გადამატრიალა მეგის ქარდავამ და ჩემს სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, რომ ამელოკა. მე ისევ არ მქონია რეაგირება, თვითონ დამადებინეს თავი და ჩემი სისხლის გუბით მომისვარეს სახე. მე არ ვიცი, ახლაც კი ვერ ვაცნობიერებ, დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ჩემი წამება.

იქიდან წამიყვანეს სამმართველოში და გააგრძელეს ჩემი წამება. მთხოვდნენ აღიარებას და “ფაქტების” დადებას, რომ მეთქვა, სად იყო ეს კონკრეტული „ფაქტები“. რაც არ იცი ადამიანმა, იმას ვერ ეტყვი. რამდენიმე საათი იყო გასული ჩემი დაპატიმრებიდან და იმ მდგომარეობამდე ვიყავი ბავშვი მისული, რომ ავდექი და ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია, ნუ მაწამებთ, შეგიძლიათ მომკლათ. დამცინოდნენ, მაფურთხებდნენ, ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებდნენ.

წამიყვანეს ჩემთან, სახლში. უკვე ღამე იყო. სახლში ეს ამბავი ჯერ კიდევ არავინ იცოდა. მიმიყვანეს სახლში, მოითხოვეს, მეზობლები შემოსულიყვნენ, რომ მოწმის სახით დასწრებოდნენ ე.წ. ჩხრეკას, საიდანაც არაფერი არ ამოუღიათ. მოწმეების სახით შემოვიდნენ ჩემი თანატოლის, ახლო მეგობრის მშობლები. დედაჩემმა როცა მნახა, დაიწყო ყვირილი და გახდა ცუდად. როგორც კი მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ მოასულიერეს, დედაჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს ჩემმა მეზობელმა, გონერი ჩუხუამ ხმა ამოიღო და მათ უთხრა, თუ რას აკეთებდნენ ისინი. ადამიანი ისე სცემეს, რომ ადგილზე მიაღებინეს ინსულტი. ამ ადამიანმა მეორედაც მიიღო ინსულტი. ჩემი სახლიდან არაფერი ამოუღიათ. მე ისევ წამიყვანეს სამმართველოში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.