„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გულრწფელად გააჩნია საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგება-გაუმჯობესების სურვილი”, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილის შესახებ.

“სამწუხარო რეალობაზე ხაზგასმაც უდავოდ დროულია. აშშ-ის პრეზიდენტს ღიად აქვს გამოცხადებული “დიფ სთეითისა” და მათ მიმდევართა წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა საქართველოსთან მიმართებით სწორედ ამერიკელებისგან ვერ ვხედავთ ამას. USAID-ის, NED-ის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ლგბტ-ზე ჩვენი აზრები ემთხვევა, მაგრამ ქმედებები ან არ ჩანს, ან, თუ გამოჩნდება, ალბათ მოგვიანებით, რის იმედს კვლავაც ვიტოვებთ.

ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი მაინც ის არის, რომ უმადურობასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, უსამართლობასაც ვხედავთ, რომელსაც არათუ არ ვიმსახურებთ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს გაოცებასაც იწვევს, რისი დადასტურებაც ყველაზე არამეგობრული ქმედების “მეგობრულ აქტად” შერაცხვა გახლავთ. ჩვენს კითხვებზე პასუხები არ არის, რაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხები ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და თავდაცვას ეხება. საინტერესოა, ეს ვის და რის წისქვილზე ასხამს წყალს – ჩვენი მტრების თუ ჩვენი მეგობრობის”, – წერს ნიკოლეიშვილი.