“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, პატიმრობის დროს განხორციელებული ძალადობის შესახებ ისაუბრა.

“ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა. დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ და ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები – ნემსები და ბევრი პრეპარატი. 4 თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ჩემზე ზეწოლა და ა.შ., რომელსაც თითქმის ყველა ციხის თანამშრომელი ახორციელებდა.

როცა უკვე ფეხი მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე, გამიჩნდა ტუბერკულოზი და, საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, იმიტომ, რომ მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე და ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება “ტუბზონაზე” – ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ… ახლა ვარ 79კგ, მაშინ მივედი 38 კგ-მდე”, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.