პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძეს კითხვა დაუსვა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი კარიერის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

„დროული და საჭირო ცვლილებებია იმისთვის, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური იყოს უფრო მოქნილი და მოერგოს იმ თანამედროვე რეალობის გამოწვევას, რასაც დღესდღეობით აწყდება საქართველო და, ზოგადად, რასაც განვითარების გლობალური ტენდენციები გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ჩვენც ხელი შევუწყოთ ამ ცვლილებების დანერგვას და თანამედროვე გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ. ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და საჯარო მოხელეები, რომლებიც სტრუქტურაში არიან დასაქმებული, ერთგულად იცავენ საქართველოსა და სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, რაც თავისთავად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებასა და სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ამასაც ითვალისწინებს.

მაინტერესებს, არის თუ არა ახალგაზრდების დიპლომატიურ სამსახურში ჩართვისა და კარიერული წინსვლისათვის რაიმე დამატებითი ღონისძიებები ან მექანიზმები, ან თუ იგეგმება ახალგაზრდების ჩართვა და ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში, პერიოდულად, პირველად დიპლომატიურ თანამდებობებზე ტარდება ღია კონკურსი, რითაც სამინისტრო ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სისტემაში შევიდნენ და ამის შემდეგ, სამინისტრო სხვადასხვა ფორმით ზრუნავს მათ განვითარებაზე.