პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება.
„ასე მასწავლეს: სანამ რაიმე მნიშვნელოვან ქმედებასა თუ სათქმელზე გადახვალ, თუ ამის დრო გაქვს: ათჯერ სრულად თქვი იესოს ლოცვა, თუ ჩქარობ – მისი შემოკლებული ვარიანტი (“უფალო შეგვიწყალე”). საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისადმი ღია წერილის გამოქვეყნებიდან ამ “ოქროს წესის” დაცვის ორივე ვარიანტი მქონდა. ამიტომ, ახლა უკვე შემიძლია და დავიწყებ.
დავიწყებ ჩემი საყვარელი მიდგომით: ძირს ქართული ტრადიციული პოლიტიკური სულსწრაფობა და მოთმინებით დაველოდოთ რეაგირებას ამ ღია წერილზე. ჩვენთვის მისი ორივე სავარაუდო ფორმა მისაღებია.
ვარიანტი პირველი და ნაკლებად მოსალოდნელი – ურთიერთობების ამ ეპისტოლარული ჟანრის გაგრძელება. ვარიანტი მეორე – ქმედითი, რომლის უახლოესი ტესტი და “ტრიგერი” იქნება დონალდ ტრამპის რეაგირება ანტიქართულ აქტზე: დაადებს ვეტოს და – პასუხია, არ დაადებს და – ესეც პასუხია ჩვენთვის.
საქართველო, ხშირად – საკუთარი სუვერენული ინტერესების საზიანოდ, ათეულობით წლებია, იმყოფება “ცალმხრივი მეგობრობის” მძევლობაში, იქნება ეს უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, “ევროსაბჭოთა კავშირი” თუ, აგერ, უკვე აშშ-ც. ამ ტყვეობიდან და მძევლობიდან გამოსვლის დროც დგება – ოღონდ, აშშ-ის შემთხვევაში, ამჟამად ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა. ჩვენ კი, მთავარია, არ ვიჩქაროთ. პასუხი აუცილებლად მოვა, თანაც – უახლოეს დროში.
საქართველოს “კოზირები” და უპირატესობა: ქვეყანა თავის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მდებარეობას ვერ შეიცვლის; ქვეყნის ხელისუფლება, არჩეული მოსახლეობის უდიდესი ნაწილით, არ შეიცვლება; ქვეყნის პრიორიტეტები (მამული, ენა, სარწმუნოება) გადახედვას არ ექვემდებარება. სწორედ ამ მოცემულობის ჭრილში, რომელიც თითქოსდა თანხვედრაში უნდა ყოფილიყო ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკასთან, ვაშინგტონს მოუწევს პასუხის გაცემა.
ჩვენი ქვეყნისა და მისი ხელისუფლების ამ უპირატესობებიდან გამომდინარე, წარმომიდგენია, რა ისტერიკა, პანიკა და სასოწარკვეთილება სუფევს ახლა “ოპოზიციის” რიგებში: ბინძურ სამზარეულოში ღამით მოულოდნელად დანთებული სინათლე კატასტროფას რომ იწვევს ტარაკნებში, ან ჭინკების მისამართით ნაკურთხი წყლის სხურება თუ საცეცხლურის კმევა – ამ ტიპის. ჩვენ კი, ღირსებით, მტკიცე რწმენით და თავმოყვარეობით, წინსვლას გავაგრძელებთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.