„ვეტინგის“ პრაქტიკის შემოტანა ქართულ სახელმწიფოშიც უნდათ, მაგრამ ეს განუხორციელებელ იდეად დარჩება, რადგან ქართული რეალობა არ საჭიროებს ამგვარ გამოცდილებას, უფრო მეტიც – „ვეტინგის“ იდეა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და თავად „ვეტინგის“ იდეას, რადგან ქართულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების უფლებრივი პრაქტიკა არ საჭიროებს და ვერ დაუშვებს ამ მეთოდის გამოყენებას“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
„ვეტინგის“ გზით მოსამართლეთა/პროკურორთა შემადგენლობის განახლებას, ძირითადად, ტრანზიციის პროცესში მყოფი ქვეყნები მიმართავენ მართლმსაჯულების სფეროში სისტემურ უნდობლობასა და უსამართლობასთან საპასუხოდ.
ამასთან, სხვა ქვეყნებში უკვე ნაცადი „ვეტინგის“ გამოცდილება მოწმობს, რომ მხოლოდ ეს პროცესი მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის საკმარისი არ არის.
მაგალითად, ვენეციის კომისიას სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებით ამ პროცესის მიმართ მაინც ერთიანი მიდგომა აქვს, ვენეციის კომისია მართლმსაჯულების გამოწვევებზე საპასუხოდ, უმჯობესად საკანონმდებლო რეფორმებზე მუშაობას მიიჩნევს და კრიტიკულად აფასებს ყველა მოსამართლის/პროკურორის „ვეტინგის“ იდეას.
ევროკავშირმაც სხვადასხვა ქვეყნის ამგვარი გამოცდილების შეფასებით გააკრიტიკა ინიციატივა ყველა მოსამართლის/პროკურორის „ვეტინგის“ შესახებ. მან თქვა, რომ, მაგალითად, ალბანეთის გამოცდილების მსგავსად, ეს გამოიწვევს მოსამართლეთა/პროკურორთა დიდი ნაწილის გათავისუფლებას და, შესაბამისად, ამ ორგანოების დისფუნქციას.
ევროკომისიის 2022 წლის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი „ვეტინგის“ განხორციელებამდე საჭიროა არსებული მექანიზმების გაძლიერება.
ამ საკითხის დღის წესრიგში შემოტანას პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, რაც ქართულ სახელმწიფოში უბრალოდ არ გვაქვს.
ამიტომ, ძალიან “გონიერ” გუნდთა მიმართ მაქვს თხოვნა – სხვა ქვეყნებთან მიმბაძველობით საკითხის შემოგდებისაგან თავი შეიკავეთ, კარგად გაეცანით „ვეტინგის“ იდეას და ფუნქციურ დანიშნულებას, ასე თავს ნაკლებად შეირცხვენთ თქვენივე ამომრჩეველთან და ხალხთან“, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის” გვერდზე.