„სალომე ზურაბიშვილმა, თავისი განცხადებებით, წინასწარ დაიწყო 2024 წლის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის საფუძვლის ჩაყრა, ანუ დელეგიტიმაციაზე ზრუნვა, როცა ამბობს, რომ რუსეთი ჩაერევა საქართველოს არჩევნებში“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

„სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მორიგ ჯერზე გაილაშქრა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან კონსტიტუციის დარღვევა, თან იმ ადამიანის მიერ, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, არის ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ (საკუთარი – პირობითად, რადგან, ცხადია, ზურაბიშვილი საქართველოს თავის სამშობლოდ არ მიიჩნევს). დღესაც, სადაც ის არის წასული [დიდ ბრიტანეთში], საქართველოსთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს.

ხშირად წაგვიკითხავს, რომ რუსეთს აქვს ჩარევის მცდელობა აშშ-ის, ბრიტანეთისა და სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ამიტომ საქართველოს არჩევნებში ჩარევის მცდელობაც თუ ექნება, ეს არ გაგვიკვირდება. ოღონდ, საქმე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას გაცილებით მეტად აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული რუსულ დეზინფორმაციაზე, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას. რაც შეეხება პრორუსულ პარტიებს, მათ საქართველოში წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ, განსხვავებით, მაგალითად, მოლდოვისგან, სადაც მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარი პრორუსულ პარტიებს უჭერს მხარს.

შესაბამისად, როდესაც ზურაბიშვილი დასავლურ მედიასთან ინტერვიუებში აქცენტს აკეთებს საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხეზე, ამით ცდილობს, წინასწარ გააჩინოს უნდობლობა მომავალი არჩევნების შედეგისადმი და ცდილობს, საფუძველი შეუქმნას არჩევნების შემდგომი არეულობის მცდელობებს. არადა, როცა მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხეზე ლაპარაკობს, რატომ არ ახსენდება თავისი არჩევნები? მაშინაც ჩაერია რუსეთი არჩევნებში? გვახსოვს, როგორ აბრალებდნენ მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სალომე ზურაბიშვილს, რომ ის არის პუტინის აგენტი, რუსეთის რეზიდენტი, მავნებელი, საქართველოს მტერი და ა.შ. (ახლანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ კი არ აბრალებდნენ, არამედ, ეს სიმართლეა).

სწორედ „ქართული ოცნებისადმი“ ხალხის მხარდაჭერამ გახადა შესაძლებელი მისი გაპრეზიდენტება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხალხში სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი იმიჯის გასაფერმკრთალებლად, ბილბორდებზე მისი სახე „ქართული ოცნების“ ლიდერების სახეებმა ჩაანაცვლა. ხალხს ვუხსნიდით, რომ თუ მას [სალომე ზურაბიშვილს] არ ავირჩევთ, გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ – სწორედ ის მოძრაობა, რომელიც ზურაბიშვილს რუსეთის აგენტად აცხადებდა და რომლის არაფორმალურ ლიდერადაც დღეს ის მოგვევლინა.

რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალებას – დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ისეთი დონის სუვერენიტეტი, როგორიც არასდროს ჰქონია. ორი თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში, განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროკავშირში გაწევრიანება და ამის ბოლო ვადად 2030 წელი დაითქვა. თუმცა, სანამ აქამდე მოვიდოდით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ჯერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას და თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ“, – განაცხადა სუბარმა.