შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე, რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების – რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს შემდეგს:
კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არც ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ მიმართულებით, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს.
ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არც ერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.