“რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს არ უკადრია დღემდე? ერთადერთი, ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა”, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში პატრიარქსა და ეკლესიაზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე, მის სისუსტეზე ალაპარაკდა. მისივე განცხადებით, პატრიარქზე თავდასხმა ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ნაწილიდანაც კი რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ზურაბიშვილიც მათ რიცხვს შეუერთდა.
“არ ვიცი, მას[სალომე ზურაბიშვილს] შეეცვალა საერთოდ აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს თუ ვიღაც ავალებს – ეს ვიღაც, “ნაცმოძრაობა” ან მისი პატრონი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა: პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და რაღაც მინიშნების კონტექსტში პროევროპულ და რუსულ განსხვავებებზე მართვისა საპატრიარქოში. სად დადგა ეს დღის წესრიგში? რა პროევროპული მართვა, რაიმე შეამჩნია ისეთი, რომ იყო მართვა სადაც რუსული ელემენტები იკითხებოდა და ამას პატრიარქს აბრალებს თუ რა ხდება? მე მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე, თუ ამ კომენტარზე ამ სიტყვას გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ აქამდე მას ეს არ უკადრია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა – რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.”