„ვინმემ რამე რომ არ დაგვაბრალოს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, – ცენზურას ხომ არ გამოიწვევს, ხომ არ გამოიწვევს ადამიანის უფლებების სფეროში ჩარევას რაიმე უხეში ფორმით, – არა, პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ, ისეთი ოქროს შუალედი მოვნახოთ, რომ უფლებების დაცვის კუთხით კიდევ უფრო გავძლიერდეთ, მაგრამ ამავე დროს, ამის პარალელურად და არა ამის ხარჯზე, უნდა შევძლოთ ჩვენი მომავალი თაობების დაცვა ამ პროპაგანდისგან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„წინასწარ დაგიანონსებთ: ხვალ, ზეგ, ჩვენი ამ ინიციატივის, და არა საკანონმდებლო ინიციატივის (სპეციალურად ვამბობ ამას)… ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შევქმნათ საკანონმდებლო ინიციატივა… ამ ინიციატივის წინააღმდეგ, დაუწერელი კანონის, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებენ და იტყვიან, რომ ეს არის ცენზურა, ეს არის რუსული მიდგომა; იტყვიან, რომ ეს არის ჩარევა, უფლებების დარღვევა – ეს არის პროპაგანდის ნიშან-თვისება.

პროპაგანდის თავისებურებაა, რომ იგი უნდა ამოეფაროს უფლებების დაცვის კონტექსტს და ისე უნდა წარმოებდეს. ამ პროპაგანდის შეპარება ადამიანებთან ასე ხდება, – რომ ვითომ იცავენ უფლებას, სინამდვილეში, აწარმოებენ პროპაგანდას. ამიტომ, ესენი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ. უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.