„ქვეყანა და საზოგადოება საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული ფსევდოლიბერალიზმის გარდაუვალი, მავნე გავლენისგან, მით უმეტეს, ახლა, როდესაც დღითიდღე ვუახლოვდებით ევროპულ ოჯახს, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანია“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

„ასევე, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ეროვნული თვითმყოფადობა, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, ერის ტრადიციების, ფასეულობებისა და ღირებულებების გადაცემა მომავალი თაობისთვის.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების და, ამასთანავე, ეროვნული ღირებულებების დაცვით.

ბოლო პერიოდში, დემოკრატიულ ქვეყნებში მომძლავრდა LGBT პროპაგანდა, სხვადასხვა კანონის თუ გადაწყვეტილების მიღება ერთნაირსქესიანთა ქორწინების, შვილად აყვანის, გენდერული ნიშნით ტერმინების აკრძალვის თუ სხვა არატრადიციული ქმედებების დასაკანონებლად. შესაძლოა, საზოგადოების მცირე ნაწილი ფიქრობდეს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია, და ასეც არის – ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, – მაგრამ რამდენადაც გარკვეული ძალები ცდილობენ იგივე იდეოლოგიის საქართველოში დამკვიდრებას, ჩვენი მხრიდან საჭიროა პრევენციული ქმედება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ პრევენციაა, რათა საქართველოში არ მოხდეს ფსევდოლიბერალიზმის გაბატონება.

რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საქართველოში ყველა სახის უმცირესობების უფლებებს იცავს. LGBT თემის უფლებები ჩვენს ქვეყანაში სრულად არის დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ. ჩვენ არ ვერევით პიროვნების პირად ცხოვრებაში, მაგრამ ვიცავთ სახელმწიფოს ტრადიციულ ღირებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა. საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ვალია, სწორედ ამ რწმენითა და ტრადიციებით შევუნარჩუნოთ ის მომავალ თაობებს“, – წერს ხუნდაძე.