“90-იანი წლების შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებელ საქართველოში სასკოლო და უმაღლესი განათლება ქართული აზროვნების საძირკვლად გვექცია, პირიქით ხდებოდა, ყოველწლიურად უარესდებოდა და ქრებოდა ეროვნულ-პატრიოტული იდეოლოგია სახელმძღვანელოებში“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, 2004 წელს სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც მთლიანად ამოიღეს ყველაფერი ქართული და სწავლება მხოლოდ უცხოურ გავლენას დაუქვემდებარეს.
„საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილია და აუცილებელია პროგრესული აზროვნება სკოლებშიც და ახალგაზრდებშიც. იაკობ გოგებაშვილმაც კი ის გვიანდერძა, რომ “დედა ენა” მუდმივად განახლებადი უნდა იყოსო. ეს იმაზდ მიუთითებს, რომ უნდა შევინარჩუნოთ ძირეული ქართული და მას დავაშენოთ იმ დროის სიახლე, რაც ჩვენს ღირებულებებთან იქნება თავსებადი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ წარმოდგენილი რევოლუციური პროექტი სასკოლო განათლების შესახებ არის სწორედ ის, რაზეც ჩვენი მამები მიგვითითებდნენ – ცივილიზებულ სამყაროში ქართული აზროვნებით ინტეგრირება. ეს არის ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საფუძველი. შეუძლებელია, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილმა ბავშვმა თავის ქვეყანას რაიმე ავნოს ან უცხო ქვეყნის აგენტად იქცეს.
ყველა მშობლის სახელით, რომელთათვისაც უდიდესი ტკივილი იყო ეროვნული სულისკვეთებისგან გამოფიტული სახელმძღვანელოებით შვილების აღზრდა, მადლობას ვუხდით განათლების მინისტრს და მოუთმენლად ველით ახალი პროექტის დეტალურ განხილვას”, – წერს ჩიბურდანიძე.