“ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზედიზედ მე-4 წელია, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა.
„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესასოციაციას, ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ სოსო ფხაკაძეს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობას, ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გადის გზა, ჩვენი მთავარი როლი ამოცანების შესრულებისკენ, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა თუ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება.
ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესი. თქვენ იცით ეკონომიკური განვითარების მონაცემები, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ამაზე ყურადღება. ზედიზედ მე-4 წელია, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. როგორც მოგეხსენებათ, 2021 და 2022 წლებში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით. წელსაც გვაქვს ძალიან დადებითი პროგნოზი ამ თვალსაზრისით. ასევე იცით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ ვინარჩუნებთ საგარეო ვალის დონეს, აგრეთვე – ინფლაციის დონეს, 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მხოლოდ შარშან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 51 000-ით. შესაბამისად, დაფიქსირდა დასაქმების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. დადებითი დინამიკა გვაქვს ასევე ტურიზმის სფეროში, სადაც პანდემიამდელ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ შემოსავლების ნაწილში 26%-ით. დღეს, მოგეხსენებათ, საქართველო სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით მსოფლიოს 45 ქვეყანასთან, ეს არის მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის ერთი მესამედი და მრავალი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე ვინარჩუნებთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს. ეს ყველაფერი, ეს და სხვა მონაცემები, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის წინსვლას. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის, ბუნებრივია, ბიზნესის თავისუფლება. ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში. ბიზნესზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდეგ აღნიშნული დამოკიდებულება, მიდგომა ბიზნესის მიმართ, ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა და ესმის ბიზნესის თავისუფლების ფასი, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხა შეიტანა. ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ის სარგებლობს ასევე ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან, რაც, ბუნებრივია, ასეც უნდა გაგრძელდეს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე და განაცხადა, რომ საჭიროა ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.
„რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევებიც და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდება ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია. მაგალითად, გვჭირდება საჯარო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის მომსახურება, რომელიც უნდა შევთავაზოთ ჩვენ ბიზნესს, საჯარო სტრუქტურებმა, იყოს მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამასთან დაკავშირებითაც დაგვჭირდება თანამშრომლობა, კოორდინაცია ბიზნესთან.
რაც შეეხება კორუფციას, თქვენ იცით, რომ კორუფციასთან მიმართებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები კორუფციის სიმცირის, მასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ პარამეტრით ჩვენ ვუსწრებთ როგორც ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე აქამდე ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი; თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, რაზეც მე ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ვისაუბრე. ჩვენ გვინდა, რომ ამ კრიტერიუმით შევიდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის, ანუ გავუთანაბრდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს, რაც არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში ამ ამოცანის მიღწევაც არის რეალისტური. რაც მთავარია, კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით.
ჩვენ გვჭირდება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის – ადამიანური რესურსების განვითარება; ბიზნესი სამუშაო ძალით სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის საჭიროა განათლების სისტემაში, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენ წინაშე, თუმცა ეს არის ძირითადი საკვანძო საკითხები, ალბათ დამეთანხმებით. ჩვენ დაგვჭირდება ამ და სხვა საკითხებზე მუდმივი თანამშრომლობა, კოორდინაცია ბიზნესთან იმისთვის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად რაციონალური და ბიზნესის ინტერესებზე, ეკონომიკური წინსვლის ინტერესებზე მორგებული. გვჭირდება ახალი იდეები თქვენგან იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური განვითარების ტემპი, გავაუმჯობესოთ გარემო საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის, საქართველოში ინვესტირებისთვის. ამაზეც გვჭირდება რჩევები, გვჭირდება კოორდინაცია ბიზნესთან, ბიზნესასოციაციასთან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ახალ 4-წლიან გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იქნება ერთდროულად ამბიციურიც და რეალისტურიც.
„რამდენიმე თვეში ჩვენ წარვდგებით ახალი 4-წლიანი გეგმით საზოგადოების წინაშე. ეს გეგმა იქნება ერთდროულად ამბიციურიც და რეალისტურიც. ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი. ამისთვის მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ქვეყნის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სახელმწიფო აქტიურად დაუჭერს მხარს წარმოების განვითარებას, ექსპორტის ზრდას. ასევე ფუნდამენტურად გაძლიერდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და ინფრასტრუქტურა. ამასთან დაკავშირებითაც ძალიან კონკრეტული გეგმები იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი.
განხორციელდება რეფორმები, ცვლილებები მრავალი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პირდაპირი თუ ირიბი ფორმით ბიზნესის განვითარებას. ასევე – პირდაპირი თუ ირიბი ფორმით დადებითად აისახება ეკონომიკურ წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე საქართველოში.
დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ ვერავითარი ეკონომიკური წარმატება ვერ მიიღწევა მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე. ყველას გახსოვთ, როგორ წარიმართა მოვლენები გასული სამი წლის განმავლობაში. იყო სერიოზული მცდელობა, საქართველოში დაერღვიათ პოლიტიკური სტაბილურობა და ჩვენი ქვეყანა ექციათ იმ სცენარის შემადგენელ ნაწილად, რომელი სცენარიც, სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში განვითარდა. საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ გაუძლო ზეწოლას და შეძლო როგორც სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ისე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ამით დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ.
დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს მყარი პოზიციები და ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენი, მმართველი გუნდის, მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55-იდან 60%-ამდე. ეს არის, რა თქმა უნდა, პარტიული რეიტინგი, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად ძლიერია მთავრობის, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა. იგივე კვლევები, სოციოლოგიური კვლევები, ადასტურებს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, პირველი ფაქტორი, ხალხი ხედავს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, მსოფლიოში არაერთი ცხელი წერტილია. ამ ვითარებაში, მიუხედავად სერიოზული რისკებისა, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და მეორე ფაქტორი, რაც განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის სწორედ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წინსვლა, რაც აისახება, ბუნებრივია, მოსახლეობის სოციალურ პირობებზე. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ძალიან მყარი პირობა როგორც ფართო საზოგადოების, ისე ბიზნესის წინაშე, რომ მშვიდობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მომავალშიც აუცილებლად შევინარჩუნებთ. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ იმის გამო, რომ შეგიქმნათ სიმყარის განცდა. რეალურად გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სტაბილურად, მყარად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. პირადად მე, როგორც პრემიერ მინისტრმა, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ღიაობის სრული მზადყოფნა ბიზნესთან, ბიზნესასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BAG-ის ინდექსის 2019-2023 წლების შედეგებზე, ბიზნესის განწყობებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.
კონფერენციის მსვლელობისას Galt&Taggart-ის წარმომადგენლებმა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკის სექტორები მიმოიხილეს.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ორი პანელური დისკუსია: მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები, სექტორული მიმოხილვა, სადაც საუბარი შეეხო ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ტურიზმს, საცხოვრებელ უძრავ ქონებას; ასევე – FMCG-ს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და განათლებას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.