„თუკი ვინმე ამბობს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს პროპაგანდის პრევენციას, მაშინ ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. როდესაც ისინი [ოპოზიციონერები] სხვადასხვა საკითხს სპეკულაციურად უკავშირებენ ამ თემებს, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ პრინციპული პოზიციაა დასაფიქსირებელი, რა წინადადებები აქვთ – რით შეიძლება ეს პროპაგანდა დავაზღვიოთ და პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.
“მათ [ოპოზიციას] რომ რაღაცების სპეკულაცია ვერ მოეხერხებინათ, ჩვენ ხომ კანონპროექტი გამზადებული სახით არ შევთავაზეთ მათ? – მობრძანდით და თქვენ დაწერეთ ნორმა, პრევენცია რით მოვახდინოთ. იქნებ, მისაღებია? იქნებ, ეს ნორმა უზრუნველყოფს ყველა სტანდარტის დაცვით, კონსტიტუციის მე-2 თავის ყველა პუნქტის, ყველა პრინციპის დაცვით პროპაგანდის პრევენციას? რას არ დაუჭერენ მხარს? ვეუბნებით: აბა, მოიტანეთ თქვენი წინადადებები, როგორ გადავარჩინოთ ქართული საზოგადოება ამ მავნე ზეგავლენისგან; ჩვენი მომავალი თაობები როგორ დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან. უფლებების დაცვის კონტექსტში არ ვეხებით არაფერს. კი არ მოაქვთ საკითხები და კი არ გვთავაზობენ რამეს, არამედ პირდაპირ გვემიჯნებიან – ეს ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დგომას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.