“დღეს დავესწარი საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციას, სადაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილებოდა”,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციასთან დაკავშირებით, სადაც დღეს ის სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციაზე ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.
“კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გავამახვილე ბიზნესის გადამწყვეტ და საკვანძო როლზე ეკონომიკის განვითარების კუთხით.
ასევე, ვისაუბრე ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღვნიშნე, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე გადის ჩვენი მთავარი ამოცანების შესრულებისკენ გზა, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა, თუ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.
აღვნიშნე ის ფაქტიც, რომ ზედიზედ მე-4 წელია, ჩვენს ქვეყანას აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, ასევე, მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ ვინარჩუნებთ საგარეო ვალის დონეს, აგრეთვე, ინფლაციის დონეს – 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. დაფიქსირდა დასაქმების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, დადებითი დინამიკა გვაქვს, ასევე, ტურიზმის სფეროში, სადაც პანდემიამდელ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ შემოსავლების ნაწილში 26%-ით. დღეს, საქართველო სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით მსოფლიოს 45 ქვეყანასთან, რაც მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის ერთი მესამედია და მრავალი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე, ვინარჩუნებთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს.
ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის წინსვლას. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის, ბუნებრივია, ბიზნესის თავისუფლება.
2012 წელს, წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება და მიდგომა ბიზნესის მიმართ, ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა და ესმის ბიზნესის თავისუფლების ფასი, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხა შეიტანა.
დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ის სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან, რაც, ბუნებრივია, ასეც უნდა გაგრძელდეს.
ვისაუბრე გამოწვევებზე და მათ დასაძლევად ბიზნესთან მჭიდრო კოორდინაციის საჭიროებაზე. ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ თითოეულ გამოწვევასთან დაკავშირებით უნდა იყოს კოორდინაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, რათა ხელისუფლების გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად რაციონალური და ბიზნესის ინტერესებზე, ეკონომიკური წინსვლის ინტერესებზე მორგებული. შევეხე კორუფციის თემასაც, რომელშიც ქვეყანას ძალიან კარგი მიღწევა აქვს, თუმცა, ჩვენ გვაქვს მეტი ამბიცია და გვსურს, ამ კრიტერიუმით შევიდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის. რაც მთავარია, კორუფციამ არ უნდა შეუქმნას, თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე განვუცხადე, რომ რამდენიმე თვეში საზოგადოების წინაშე წარვდგებით ახალი, 4-წლიანი გეგმით, რომელიც იქნება ერთდროულად ამბიციურიც და რეალისტურიც.
ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ძალიან მყარი პირობა როგორც ფართო საზოგადოების, ისე ბიზნესის წინაშე, რომ მშვიდობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მომავალშიც აუცილებლად შევინარჩუნებთ. რეალურად გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სტაბილურად, მყარად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
დასასრულს, კიდევ ერთხელ დავუდასტურე დამსწრე საზოგადოებას ბიზნესთან და ბიზნესასოციაციასთან ღიაობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა”,- წერს პრემიერ-მინისტრი.