განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ერთი მხრივ, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ კი, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, პირველ საგრანტო პროგრამაში პროექტები, მაქსიმუმ, 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე პროგრამაში 100 ათასი ლარით დაფინანსდება.
„ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩავარდნა გვქონდა და ათწლეულებია, მსგავსი საგრანტო მიმართულებები არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საგრანტო პროგრამა, რომელიც ორკომპონენტიანია – ერთი მხრივ, ეს არის მცირე საგრანტო პროგრამა, რომელიც მთლიანად გათვლილია რეგიონში მყოფ ახალგაზრდებზე, რომ ეს მიმართულება არ გამოგვრჩეს. ყველა პროექტი, რომელსაც წარმოადგენენ, შევეცდებით, დავაფინანსოთ. ერთი პროექტის ღირებულება იქნება 15 ათასი ლარი.
მეორე, უფრო ფართომასშტაბიანი მიმართულება – ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაციები. გვინდა, ფართო შესაძლებლობა მივცეთ ყველა იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელსაც კრეატიული, ინოვაციური, მნიშვნელოვანი იდეები აქვს, რათა ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართოს. თითოეული ასეთ საგრანტო პროექტის ღირებულება 100 ათასი ლარი იქნება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.