„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა აშშ-ში „ფორმულას“ ლობისტობისთვის განკუთვნილი ტრანშების რეალურ საფუძველსა და მიზნობრიობაზე ისაუბრა.
„ეს არის მეორე ლობისტური ტრანში. პირველ, ნახევარმილიონიან ტრანშზე ინფორმაცია გაჟღერდა შარშან და მაშინ, ამ თანხის მიზნობრიობაში ჩვენ ამოვიკითხეთ ის, რომ დაფინანსება გამიზნული იყო „ფორმულას“ მედიააქტივობების შესახებ ამერიკაში ტელეკომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად. მაშინ, თუ არ ვცდები, ტელეკომპანია „ფორმულა” სატელევიზიო რეიტინგებში მეექვსე ადგილს იკავებდა, ამ წლის დასაწყისში მეშვიდე ადგილამდე დავიდა და დღეს უკვე სტაბილურ მერვე ადგილს იკავებს. ანუ, ვერ გაამართლა ამ სულელურმა მიზეზმა. ვერ იმუშავა გადარიცხვამ „ფორმულაზე“, იმიტომ, რომ ის რეიტინგულად ქვემოთ და ქვემოთ ჩამოდის. მაგრამ ჩვენ დავინახეთ შემდგომი მოვლენები, რა მოჰყვა ამ გადახდილ ფულს: იყო კეზერაშვილის როგორც მედიამაგნატის ევრორეზოლუციაში შეყვანის მცდელობა, ანუ მოეცილებინათ მისთვის კრიმინალური წარსული და აწმყო და მოემზადებინათ ნიადაგი, რომ რამე რომ მომხდარიყო კეზერაშვილის თავს, მთელ მსოფლიოს გაეგო, რა მორიგ უსამართლობასთან გვაქვს საქმე – დააკავეს ჟურნალისტი და მედიამაგნატი, იმიტომ, რომ წელიწადი არ გავა, ქოლცენტრების გახმაურებულ საქმეზე სერიოზული დამნაშავე პირი არ აიყვანონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და კეზერაშვილის ირგვლივ დამნაშავე პირების წრე ვიწროვდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ბოლო-ბოლო, გავიდნენ ქოლცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფების მთავარ მოქმედ პირზე. ამიტომ გახდა საჭირო კიდევ ერთი ნახევარი მილიონის დახარჯვა იმისთვის, რათა ამერიკაში ამ საარჩევნო წელიწადს, ისეთ ვითარებაში, როცა მშობელი N1 გენდერულად ნეიტრალურ შვილს არ აიყვანს ხელში, ამერიკული საზოგადოება „ფორმულას“ გარშემო მედიააქტივობებით დაინტერესებულიყო. რეალურად კი, მიდიოდა ამ გადახდილი ფულის საფასურად საქართველოზე დამახინჯებული, დესტრუქციული და რადიკალური განცხადებების ტირაჟირება, რომლებიც, სულ რომ სიმართლე ელაპარაკათ, წელს ამერიკაში, დამიჯერეთ, არავის აინტერესებს. ეს იგივეა, რომ CNN-ზე კეზერაშვილმა ნახევარსაათიანი სიუჟეტი შეუკვეთოს წალენჯიხაში მიმდინარე მუნიციპალურ პროექტებზე“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.