ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. რომლის თქმითაც, საქართველო ევროკავშირისთვის ექსპერიმენტების ლაბორატორია არ არის.
„ჩვენი სუვერენული სახელმწიფო არ და ვერ იქნება “NGO Georgia”, გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო.
ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად “მასწავლებელი” იქნება მაგალითის მომცემი. დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის.
ცნობისთვის, გასულ წელს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს წევრი ქვეყნებისთვის კომპეტენციების ჩამორთმევას და ვეტოს უფლების გაუქმებას. აქტიურია იდეა, რომ ევროკავშირმა უარი თქვას კონსენსუსურ (ერთსულოვან) კენჭისყრაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
ეს თავხედობა თავად ევროპის მცირე და სუვერენულ ქვეყნებს ვერ გაუგიათ და კანდიდატმა საქართველომ როგორ უნდა აღიქვას?…“ – წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.
„ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა. ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები. ვნახოთ რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ, მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და მერე ჩვენ მოგვიწოდონ. საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.