„დღეს ქვეყანაში აქტიურად განიხილება ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი. მმართველი გუნდი ქართულ სასამართლო სისტემაში “ვეტინგის” ანუ ალბანური მოდელის გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან “ვეტინგი” არა მხოლოდ ფორმალურად ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ის, პირველ რიგში, ზოგად კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება“,- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

საინტერესოა, რას გვთავაზობს ოპოზიცია

ალბანეთში მიმდინარე ვეტინგის პროცესი 2016 წლიდან დაიწყო. შემოწმების პროცესი მოსამართლეებსა და პროკურორებს სამი კრიტერიუმის გამოყენებით სწავლობს: მათი ქონების კანონიერება, პროფესიული მდგომარეობა და ორგანიზებულ დანაშაულთან შესაძლო კავშირები.

ალბანეთში აღნიშნული პროცესის დაწყებიდან მალევე, 2017 წლის მარტში, აშშ-ის სენატორების ექვსკაციანმა ჯგუფმა, რომელსაც სენატორი მაილ ლი ხელმძღვანელობდა, წერილი გაუგზავნა მაშინდელ სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს. ჯგუფი მას სთხოვდა, გამოეძიებინა ბრალდებები, რომლის მიხედვით, აშშ-ის მთავრობა გადასახადის გადამხდელთა თანხებს ალბანეთში სოროსის დასახმარებლად იყენებდა. წერილის თანახმად, „ფონდმა “ღია საზოგადოება ალბანეთმა” და მისმა ექსპერტებმა, USAID-ის დაფინანსებით, ალბანეთის სასამართლო რეფორმისთვის საკამათო სტრატეგიის დოკუმენტი შეიმუშავეს. ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს „რეფორმები“ საბოლოოდ მიზნად ისახავს, პრემიერ-მინისტრსა და მემარცხენე ცენტრისტულ მთავრობას მართლმსაჯულებაზე სრული კონტროლი მოაპოვებინოს“.

„საგანგაშო აქტივობების მოდელი ამ არამდგრად რეგიონში“- სწორედ ასე აღწერეს სენატორებმა მაშინ ალბანეთში არსებული ვითარება.

ალბანეთის პარლამენტში კი, ოპოზიციის ლიდერებმა სტრატეგიას „სოროსის მიერ დაფინანსებული რეფორმა“ უწოდეს.

რესპუბლიკელი სენატორების მიერ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან წერილის გაგზავნიდან ზუსტად 1 წელიწადში “Judicial Watch-ი” აქვეყნებს ჩანაწერებს, სადაც ნათქვამია, რომ სწორედ ობამას ადმინისტრაცია დაეხმარა ჯორჯ სოროსის ფონდს ალბანეთში მემარცხენე პოლიტიკური აქტივობების დაფინანსებაში.

„ობამამ USAID-ის მეშვეობით გამოიყენა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა თანხები სოროსის ჯგუფის მცდელობების მხარდასაჭერად, რათა ალბანეთის სოციალისტურ მთავრობას „მართლმსაჯულებაზე სრული კონტროლი“ მოეპოვებინა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაცია “Judicial Watch-მა” მოიპოვა 32- გვერდიანი ჩანაწერები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ობამას ადმინისტრაციამ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა თანხები გადაუგზავნა ჯგუფს, რომლის უკან მილიარდერი ჯორჯ სოროსი დგას. ჯგუფმა ფული გამოიყენა ალბანეთში მემარცხენე პოლიტიკური აქტივობებისათვის, მათ შორის, ქვეყნის სოციალისტურ მთავრობასთან სამუშაოდ, უაღრესად საკამათო სასამართლო „რეფორმის“ ხელშეწყობისთვის.

ჩანაწერები ასევე დეტალურად აჩვენებს, თუ როგორ ეხმარებოდა სოროსის ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელთა თანხებით დაფინანსების მოსაპოვებლად სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საგრანტო აპლიკაციების გადახედვაში (ჩანაწერების მოპოვებულია 2017 წლის 26 მაისს, ინფორმაციის თავისუფლები აქტის (FOIA) მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს (USAID) წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის ფარგლებში).

დოკუმენტები აჩვენებს, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა სააგენტოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტის გავლით, რათა მხარი დაეჭირა ალბანეთში სოროსის მემარცხენე ღია საზოგადოების ფონდისთვის, უფრო კონკრეტულად – სოროსის სამოქმედო მცდელობებისთვის, სოციალისტურ მთავრობას მართლმსაჯულებაზე უფრო დიდი კონტროლი მოეპოვებინა. როგორც მოხსენებიდან ჩანს, USAID-მა 2016 წელს 9 მილიონი აშშ დოლარი გადასცა კამპანიას „მართლმსაჯულებაზე ყველასთვის“, რომელსაც სოროსის „აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ ზედამხედველობს.

ამასთან, “Judicial Watch-ის” მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ტირანაში აშშ-ის საელჩოსგან 2016 წლის აპრილის ინფორმაციას შეიცავს, რომლის მიხედვითაც ვლინდება, რომ საელჩომ სოროსის “ღია საზოგადოების ფონდთან” ერთად „დაასპონსორა“ გამოკითხვა ალბანეთის მოქალაქეებში „სასამართლო რეფორმის ცოდნის, მხარდაჭერისა და მოლოდინების“ გასაზომად. სოროსის ჯგუფის გამოკითხვის თანახმად, „გამოკითხულთა 91% ან „მთლიანად მხარს უჭერს“, ან „მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს“ სასამართლო რეფორმის საჭიროებას“. გამოკითხვას არ დაუზუსტებია, თუ რა სახის რეფორმას ისახავდა მიზნად სოროსის ჯგუფი. გარდა ამისა, 2017 წლის თებერვლის ჩანაწერები აჩვენებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა გადასახადის გადამხდელთა თანხები “ღია საზოგადოების ფონდთან” ერთად სასამართლო რეფორმაზე მეორე გამოკითხვის დასაფინანსებლად, რაც არსებითად გაამყარებდა ალბანეთის მთავრობის მემარცხენეთა კონტროლს. მოხსენების თანახმად, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორი და “ღია საზოგადოების ფონდი” – „თითოეული გამოყოფდა თანხებს ადგილობრივი ორგანიზაციისათვის სასამართლო რეფორმის მცდელობებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩასატარებლად“. “Judicial Watch-ის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ობამას ადმინისტრაციის მემკვიდრეობა, ალბანეთში აშშ-ის ელჩი დონალდ ლუ მჭიდროდ არის დაკავშირებული სოროსთან და ალბანეთის სოციალისტურ მთავრობასთან. 2017 წლის მაისში ლუმ ხელი შეუწყო ოპოზიციური პარტიის გეგმებისთვის ძირის გამოთხრას, გაეპროტესტებინათ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, განაცხადა რა, რომ აშშ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს იმ შემთხვევაშიც, თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან მონაწილეობაზე. ლუ აშშ-ის პრესაში აღწერილია როგორც „ალბანეთის სასამართლო რეფორმების გამწევი ძალა“.

„ალბანეთის სოციალისტური მთავრობის მიერ მხარდაჭერილ მემარცხენე მილიარდერ ჯორჯ სოროსთან პირდაპირი საიდუმლო შეთანხმებით ობამას ადმინისტრაციამ ჩუმად დახარჯა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა, სულ მცირე, 9 მილიონი აშშ დოლარი. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუშვა სოროსის ჯგუფის დახმარება გადასახადის გადამხდელთა თანხების სხვა ჯგუფებისთვის მიმართვაში“, – განაცხადა სასამართლო დამკვირვებლის პრეზიდენტმა ტომ ფიტონმა.

სხვადასხვა დროს გავრცელებულ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწონებულმა, ალბანეთში მართლმსაჯულების სისტემის „გასაუმჯობესებლად“ მიმდინარე “ვეტინგის” პროცესმა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა და უცხო ქვეყნების გავლენების ქვეშ მოაქცია. სწორედ ესაა “გლობალური ომის პარტიის” დავალებებით მოქმედი რადიკალური ოპოზიციის მიზანიც. დღეს, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ძალისხმევა სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და მისი გაძლიერებისაკენ იყოს მიმართული.

სტატია მომზადებულია “Judicial Watch-ისა” და “FoxNew-ის” მიხედვით.