“როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიზიარა ჩვენი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილის მიმართ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ ვიზაზე უარის გაცემის შესახებ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კეზერაშვილი კრიმინალია და, სამწუხაროდ, ქართული მართლმსაჯულების მიერ დადასტურებული დამნაშავე ევროკავშირის სივრცეში თავისუფლად გადაადგილდება.

„ახლა უკვე ევროკავშირის ჯერია. ხედავენ, რომ როგორც საქართველო, ისე ამერიკის შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმაზე, თუ რა გავლენებია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მეშვეობით.

ჩვენ გვახსოვს ევროპის პარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, სადაც დავით კეზერაშვილის სახელი აღმოჩნდა. შემდეგ, ვარკვევთ ხოლმე, როგორ მუშაობენ ლობისტები იმისთვის, რომ ასეთი ჩანაწერები აღმოჩნდეს ამ სახის რეზოლუციებში და პირდაპირ პოლიტიკური კორუფციის ეჭვი ჩნდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც დავით კეზერაშვილის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში უხეშ ჩარევას ამხელს.

,,გვახსოვს კადრები, როგორ ხვდებოდა დავით კეზერაშვილი კურტ ვოლკერს, რომელიც “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მეუღლეა. სხვათა შორის, ამაზე “ამერიკის ხმის” ქართულმა რედაქციამ, საერთოდ, სიჩუმე შეინარჩუნა და არც კი გააშუქა სკანდალი, რომ კრიმინალი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ ამერიკელ ექსპერტს ხვდებოდა. კადრები გვახსენდება, სადაც რონდელის ფონდის ხელმძღვანელობა კეზერაშვილს შეხვდა. სწორედ რონდელის ფონდია, რომელიც დღეს თავს ესხმის საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 თუ 9 რეკომენდაციის შესრულებას. ვხედავთ, რომ პირდაპირი კავშირები აქვთ იმ ადამიანთან, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან; საქართველოს მართლმსაჯულების მიერ ქართული ჯარისთვის 5 მილიონის მოპარვაშია მხილებული. ეს შავი ფული ტრიალებს.

გვახსოვს, რომ დავით კეზერაშვილი იყო ასევე “სირცხვილიას” და ელენე ხოშტარიას დამფინანსებელი. ამავე დროს, ორივეს დამფინანსებელი იყო ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ფულს ფარულად ხარჯავს, თავის პროექტებს არ ასაჯაროებს და შიგადაშიგ მჟღავნდება ხოლმე, რომ ისინი პარტიებს კანონდარღვევით აფინანსებენ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჯარისთვის ფულის
მომპარავ და ფულის გამთეთრებელ დავით კეზერაშვილთან ერთად, ამ შავ ფულთან ერთად, ევროკავშირის ფულიც ერთ ყულაბაში ექცევა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთოს, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა სისტემები აქვთ ისეთი, რომ ყურადღებას ვერ აქცევენ, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფული, ევროკომისიის მიერ ამ ორგანიზაციისთვის გადაცემული ფული, შავ ფულთან ერთად, ერთ სალაროში ტრიალებს და საქართველოში რადიკალურ დღის წესრიგს ხმარდება.

დავით კეზერაშვილის ფულის კრიმინალური წარმოშობა კიდევ ერთხელ დასტურდება. ამის შედეგად, ქართულ პოლიტიკაში სწორედ შავი ფული ტრიალებს “ნაცმოძრაობის”, “დროასა” და სხვა პარტიების სახით; ასევე – ქართულ მედიაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი ფლობს და საინტერესოა, ამ საკითხს მის საკუთრებაში მყოფი მედია როგორ გააშუქებს. ასევე, მისი აღიარებით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფარისევლობას სხვას ვერაფერს დავარქმევთ – ქართული არასამთავრობო სექტორი, მედიის ეს ნაწილი, პარტიების ნაწილი თუ ზოგიერთი ევროპელი აქტორი შემდეგ ჩვენ გველაპარაკება კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოსა და გამჭვირვალობაზე – მაშინ, როცა თავად შავი ფულით ფინანსდებიან ან, ევროპის დემოკრატიის ფონდის შემთხვევაში, შავ ფულთან ერთად აზავებს ევროკავშირის მოქალაქეების ფულს და ამით, ფაქტობრივად, ფულის გათეთრების მონაწილეა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.