„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიო ბანკის მონაცემებს, რომლის თანახმად, საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„სანამ ჩვენი მცირეპროცენტიანი ჯამბაზები ბაზარ-ბაზარ და მარკეტ-მარკეტ დარბიან სიგრძის სიგანესთან შედარების მიზნით, მსოფლიო ბანკი აგრძელებს საქართველოზე თავისი “რუსული ინდიკაციებით” მოპოვებული რეიტინგების გამოქვეყნებას. თურმე, მსოფლიოში (!) 33-ე ადგილზე ვართ და ევროპაში (!) – სამეულში. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ეს მონაცემები არა შულერების, არამედ ელემენტარული ეკონომიკური მაჩვენებლების მცოდნე სპეციალისტების ხელშია.

მაგალითად, 1998 წელს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ჩემი 125-ლარიანი ხელფასით შემეძლო, შემეძინა 300 ლიტრი საწვავი ან 5 ტომარა ფქვილი, 2008 წლის ხელფასით – 600 ლიტრი საწვავი ან 15 ტომარა ფქვილი, წელს კი, მხოლოდ საშუალო ხელფასით (სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით) შესაძლებელია 700 ლიტრი საწვავის ან 18 ტომარა ფქვილის შეძენა. და ამ დინამიკის პარალელურად – დიახ, ფასები გაიზარდა, ისევე, როგორც გაიზარდა საშუალო ხელფასები და გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა.

მე აღარ გადავიყვანე ეს მარტივი ფასწარმოქმნის არითმეტიკა 1998, 2008 და 2024 წლის საპენსიო მსყიდველუნარიანობის ჭრილში – ჩემი, არაეკონომისტის ლოგიკა მათთვის, ვინც სიგრძის მაჩვენებლებს სიგანეს ადარებს, მაინც გაუგებარი იქნება. ამიტომ, მსოფლიოს ბანკის ამ “რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ, სანამ დასავლელი “ვაშაძე-“ხაბე”-ხაზარაძე” ამ ინდიკაციებს “დეზერტირებზე” დაეძებენ.

P.S. გაგიკვირდებათ: წლევანდელი შემოსავლებით, 1998 და 2008 წლებთან შედარებით, ხორცის, ყველის, ზეთის და ა.შ. ასევე იმაზე მეტი ოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მიუხედავად ყველაფერზე გაზრდილი ფასებისა. 1998 წელს 20 ათას დოლარად შეძენილი ბინის ღირებულება წელს მაკლერმა 120 ათასად შემიფასა – ასეც ხდება ხოლმე…“ – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.