“ვეტინგის” თემა გაააქტიურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, ასეთი სრული დაფინანსებით უცხოეთიდან მოქმედი ორგანიზაციები ქართველი ხალხის ინტერესებს არ ატარებენ. ჩვენ ვხედავდით, რასთან გვაქვს საქმე”, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

“საკითხი მარტივადაა – საქართველო ქართველმა ხალხმა უნდა მართოს თუ უცხოელებმა? ჩვენი ოცდაათწლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ქვეყანა. სწორედ ქართველი ხალხია ის, ვისი მანდატითაც უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. ხოლო “ენჯეოები”, რომლებიც ასი პროცენტით უცხოეთიდან ფინანსდებიან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა და მათმა დამფინანსებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს და არ იყოს მოსამართლე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს “ენჯეოები” არანაირი ხალხის წარმომადგენლები არ არიან, ისინი არიან საკუთარი დონორების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ რამენაირად, საკუთარი დამფინანსებლები ჩართონ ქვეყნის მართვაში. “ენჯეოებს” ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ აქვთ და ისე მოქმედებენ. თუმცა, გასაკვირი ისაა, როცა პოლიტიკურ პარტიებზე ვსაუბრობთ;
როცა ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ არა ქართველმა ხალხმა და მათი მანდატით აღჭურვილმა ადამიანებმა, არამედ უცხოელებმა.

26 ოქტომბერს არჩევნებია. ჩვენ არჩევნებზე იმ კონცეფციით გავალთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები თავად მივიღოთ. ჩვენ არ ვართ შეუმდგარი ქვეყანა, არ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა და არ ვართ მესამე სამყაროს წარმომადგენელი ქვეყანა.

ოპოზიცია არჩევნებზე გადის იმ კონცეფციით, რომ ქართველ ხალხს არ აქვს, უნარი გადაწყვეტილებები თავად მიიღოს და უცხოელები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართავენ. ჩვენ ერთი კონცეფციით გავდივართ, ისინი – მეორეთი და ნახავენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი.

26 ოქტომბერს გადაწყდება ყველა ეს საკითხი – ჩვენ გვინდა, ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც იმის პრეტენზია აქვს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია, მართოს თავისი ქვეყანა ქართველი ხალხის მანდატით, თუ ის, რასაც ამბობს ოპოზიცია, – რომ მათ მართვის არანაირი უნარი არ აქვთ და ქართველ ხალხს არ აქვს არანაირი ცოდნა, გამოცდილება და იმის აღქმა, თუ რა არის მისთვის უკეთესი და საჭიროა მეურვეები მოვიყვანოთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნაცვლად მიიღებენ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.