„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “რამდენიმე დღეში ვნახავთ ოპოზიციისა და „ენჯეოების“ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება”.

“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: რამდენიმე დღეში დაინახავთ ოპოზიციისა და „ენჯეოების“ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება”, – შალვა პაპუაშვილი.
ყველას გვახსოვს შარშანდელი მარტის სპექტაკლი, როდესაც “ხალხის ძალის” ინიციირებული კანონპროექტი წაუკითხავად გააპროტესტებინეს გზააბნეულ საზოგადოებას.
მაშინაც ერთი დირიჟორი ჰყავდა პროცესებს და პროტესტის საწყის ეტაპზე მოახდინეს ინსინუაციური კამპანიის წამოწყება, თუმცა მალევე, ბუმერანგივით შეუბრუნდათ საკუთარი განზრახვა და პროტესტი, როგორც გრძელვადიანი სამოქალაქო ამბოხი, ჩაუვარდათ.

დღეს კი უფრო დიდი თავსატეხის წინაშე დგანან, – როგორ დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას და “ლგბტ” პროპაგანდის წინააღმდეგ ასამუშავებელ კანონს რა დაუპირისპირონ:
• არა რუსულ კანონს? – შარშან გაცვითეს “ნარატივი” და დღეს აღარ მუშაობს…
• ანტიევროპული კანონი? – ვერ დააყენებენ ასეთ მოცემულობას, რადგან ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დასვამს კითხვის ნიშანს ევროპული ღირებულებების მიმართ…

ჰოდა, ასეთი დილემის წინაშე დგანან. ამიტომაცაა დუმილი და პროცესის ბუნებრივ განვითარებას ელოდებიან, იქნებ, რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვონ“, – წერს ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.