“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ისევე, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია „რედვინგსის” წერილი არ შემოსულა და, უფრო მეტიც, ასეთი წერილი კომპანიას არც გამოუგზავნია, შესაბამისად, ეს წერილი იყო „ფეიკი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა, რუსულმა ავიაკომპანიამ პირადად მას გამოუგზავნა წერილი რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისების დამატების შესახებ.
„სიუჟეტი იყო უპასუხისმგებლო, რადგან არ ემყარებოდა გადამოწმებულ ფაქტებს და დარღვეული იყო ჟურნალისტური ეთიკა. ჩვენ სამინისტროში გადავამოწმეთ ინფორმაცია და არათუ სამინისტროს ცენტრალურ უწყებაში, არამედ არც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ შესულა მსგავსი წერილი.
აღნიშნული სიუჟეტი იყო მიზანმიმართული ცილისწამება, სიტუაციის დაძაბვისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა.
მსგავსი წერილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რომ შემოსულიყო, ის გადაწყვეტილებას სახელმწიფო კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღებდა. ეს კრიტერიუმები არის ძალიან მკაფიო, ამიტომ ასეთ საკითხებს სამინისტროსთან არ ათანხმებენ. ეს სრულად ტექნიკური საკითხებია. და, რა თქმა უნდა, კომპანიას მიეცემოდა ის სლოტები, თუკი ამ სლოტების ხელმისაწვდომობა იქნებოდა. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი და ამაზე გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იღებს. ეს არ არის პოლიტიკური თემა და თემის პოლიტიზება, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ. საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად, ყველა კომპანიას აქვს ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და ის თავად, სამინისტროს ჩარევის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას.
„ერთი ნაწილია, რომ რუსეთის მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ მათ აიღეს თავიანთი ადმინისტრაციისგან ნებართვა, რომ საქართველოში სურთ ფრენა, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას… საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს კონკრეტული თარიღები, კონკრეტული მიმართულებები, რისი მომართვაც ჩვენთან არ შემოსულა (დამატებით, ამ ფრენებზე). თუმცა, ხომალდები, რომლებსაც კომპანია „რედვინგსი“ იყენებს სხვა შემთხვევაში და ეს კომპანია ოპერირებს საქართველოში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომლებიც გავაჟღერეთ და, ასევე, ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, შესაბამისად, ამ კომპანიამ შეიძლება მომართვის შემთხვევაში მიიღოს ნებართვა. მაგრამ მას ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.