„ჩვენ, რეალურად, ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული სად მიდის, არ ვიცით. ეს რომ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში; ამიტომ დაარქვეს “რუსული კანონი”, რომ არ ვიცით, სად მიდის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„შარშან რომ აპროტესტებდნენ და ირგვლივ ხალხი დაკომპლექსებული იყო, მათ შორის, გულწრფელად ვთქვათ – ჩვენი მომხრეებიც, დღემდე იმ ხალხმა, ვინმემ გაიგო, ის ფული სად მიდის, რა ფინანსდება იმ ფულით? ამერიკელმა გადამხდელმა კი არა, ქართველმა ამომრჩეველმა, საქართველოს რომელიმე მოქალაქემ ცოტა დაზუსტებულად მაინც იცის, სად მიდის ეს ფული? – არავინ იცის ეს ყველაფერი. ეს შემთხვევითი არ არის. რაში სჭირდება ვიღაცას იმის გახმოვანება, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სემინარს კი არ აფინანსებს, არამედ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ჯერ დაუწერელ კანონს როგორ გააპროტესტებენ. ჩვენ, დეკლარაციაში ლარი და 20 თეთრი რომ შეგვეშალოს – მართლა მოხდა ეს – 1000 ლარით გვაჯარიმებენ და მერე კიდევ რაღაც თუ დაემატა, პროკურატურაში იგზავნება საქმე. ლარსა და ორ ლარზეა ლაპარაკი და მილიონობით დოლარი რაღაცაში იხარჯება, კაციშვილმა არ ვიცით, რაში იხარჯება და ამაზე, თურმე, ხმა არ უნდა ამოგვეღო და „რუსული კანონი“ დაგვიწერია, თურმე, შარშან. აი, ამ პარადოქსულ შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე, როცა ფინანსები, ერთი მხრივ, აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, რა პარტიაში მიდის, რა “ენჯეოში” მიდის, რა ფინანსდება, რა ანტიეროვნულია, რა ანტიქართულია, რა მართლა ხმარდება რეალურ საქმეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, აშშ-დან გამოყოფილი თანხებით ბევრი კარგი წამოწყებაც ფინანსდება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, დონორები რას აფინანსებენ.

მდინარაძის განმარტებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება „ენჯეოებს“ სწორედ იმიტომ არ სურთ, რომ გარკვეული თანხა ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებას ხმარდება.

„მარტო ის კი არ არის, რომ ცუდი რაღაცები ფინანსდება, კარგი რაღაცებიც ფინანსდება უამრავი მიმართულებით, ბევრ რამეს ასწავლიან, ატრენინგებენ. ხომ შეიძლება, რომ გავარჩიოთ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ეს კარგ საქმეში იხარჯება – მადლობას გადავუხდით დონორს, ეს იხარჯება ლგბტ პროპაგანდაში – ვუსაყვედურებთ. არ ვიცი, როგორ უნდა გავარჩიოთ, კანონი არ უნდათ. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ კანონს ამ სახით აღარ მივიღებთ, მაგრამ რა კითხვებსაც მისვამთ, დგება დღის წესრიგში. არ ვიღებთ კანონს, ხომ? ადგნენ და გაასაჯაროონ თვითონ. ერთი წელია, გვატყუებენ. მათ თქვეს, რომ ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა. ჩვენ ვთქვით: კარგი, ბატონო, აღარ არის მაშინ კანონი საჭირო, ამ კანონმა მიუღებლადაც იმუშავა. ერთი წელი გავიდა. რა ქნეს? სადმე ნახეთ გამჭვირვალობის რამე ხარისხი, ვინ რა დააფინანსა? ტაივანიდან რამდენით და რაში ფინანსდებიან თინა ხიდაშელი და უსუფაშვილი, იცით ვინმემ? ამერიკული ფულით ვიცით ძალიან კარგი საქმეები – ფერმერებს ატრენინგებენ და ა.შ. – “ენჯეოებში” რომ მიდის, რაში და რამდენს ხარჯავენ, ხომ არ ვიცით? ვეუბნებით, – კი, ბატონო, არ ვიღებთ კანონს-თქო, მაგრამ ერთი წელია, გვატყუებენ ისინი, რომ საჯაროაო. სად არის საჯარო, აბა, მაჩვენეთ! რეალურად, ამის გაუმჭვირვალობა იყო მიზეზი – გადაება თემები ერთმანეთს ავტომატურად, რომ აგერ, ლგბტ თემა ფინანსდება თურმე და მისი პროპაგანდა და ვიღაცამ ამის საწინააღმდეგო რამე რომ იკადროს და დაწეროს, როგორ გაპროტესტდეს და დაემსგავსოს შარშანდელ პროტესტს, მათივე წერილებიდან ჩანს. ამიტომ, ამას ყურადღების მიქცევა სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.